ხელოვნების მუზეუმის განახლებული შენობა ლევან ლაღიძის მასშტაბური გამოფენით გაიხსნა
მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი ცნობილი მხატვრის, ლევან ლაღიძის, მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენით გაიხსნა.
ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ინიციატივით 2021 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. სრულად განახლდა 6000 კვ.მ ფართობის სივრცე, სადაც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო, საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები და ფონდსაცავები. შენობა აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. შენობის განახლებულ საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ლევან ლაღიძის მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენა – „ფერწერა“. ექსპოზიცია შენობის ორ სართულზე მოეწყო და მხატვრის 100-ზე მეტ ფერწერულ ტილოს აერთიანებს, რომელთა მესაკუთრეები არიან თავად ავტორი და 50-ამდე კერძო კოლექციონერი. წარმოდგენილია ორი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდანაც. გამოფენა 18 აგვისტომდე გაგრძელდება.
მუზეუმების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზეიმოდ გახსნა ახალი შენობა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორედ გასცა სამუზეუმო პრემიები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, მუზეუმების თანამშრომლები, სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები.
წელს გაიცა სხვადასხვა სამუზეუმო პრემია, კერძოდ:
აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, გულნაზ ბარათაშვილს;
აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია საარქივო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური ფილიალის დირექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, მერაბ კეზევაძეს;
აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ეთნოგრაფ თეა აბრამიძეს;
დავით არსენიშვილის სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორ ანზორ ოყუჯავას;
აკაკი ჭანტურიას სახელობის პრემია გადაეცა ეთნომუსიკოლოგ ქეთევან ბაიაშვილს.
ღონისძიება მუსიკალურად ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლმა „დიდგორმა“ გააფორმა.
შეგახსენებთ: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროსა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით 2023 წელს შენობაში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია. 542 კვ.მ ფართობის სივრცეში მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, რომლის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა უახლესი აპარატურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. საქართველოში აქამდე მსგავსი შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის. გარდა ამისა, ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტიკურობის დადგენასა და ა. შ.
წელს მუზეუმის მეორე კორპუსის განახლებულმა საკონფერენციო სივრცემ უმასპინძლა დიდი მეცნიერის, ხელოვნების ისტორიკოსის, შალვა ამირანაშვილის, 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. 26-27 მარტს გამართულ კონფერენციებზე მუზეუმის თანამშრომლებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს. ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსის შესასვლელთან საზეიმოდ გაიხსნა შალვა ამირანაშვილის ბიუსტი.
ინფორმაციისთვის: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში 2024 წლის ოქტომბრიდან წარმოდგენილი იქნება მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა.
შენობის პირველ სართულზე ახალი საექსპოზიციო ინტერპრეტაციით გამოიფინება ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდში დაცული კოლექცია.
მესამე სართული დაეთმობა ნიკო ფიროსმანაშვილის ახალრესტავრირებულ პანოებს: „ნადირობა“ და „ხედი შავ ზღვაზე“, „კახეთის ეპოსი ან დღეობა ალაზანზე“, პანო ექვს სურათად, „ყურძნის კრეფა ან რთველი“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ ზოგი ნამუშევარი, 50 წელია, არ გამოფენილა. ასევე, გამოიფინება 1900-1930 წლების ქართული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები.
საგამოფენო სივრცის მეოთხე სართული დაეთმობა ხელოვნების მუზეუმში დაცულ დასავლეთევროპული ხელოვნების შედევრებს პაოლო ვენეციანოდან ვასილი კანდინსკიმდე.
ახალი საგამოფენო სივრცის (1400 კვ.მ) საექსპოზიციო პოლიტიკას წარმართავს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის საგამოფენო დეპარტამენტი.