ირაკლი ღარიბაშვილი – 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე: ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით, რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის?

რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის? , – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ყველამ იხილეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ჩამოვიდნენ, ამ ადამიანებს შეხვდა პრემიერიც, მგონი, პარლამენტის თავმჯდომარეც და გაიმართა ეს დისკუსიები. ცალკე შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის? თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს. მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატი – ეს არის დაუწერელი კანონი, წითელი ხაზი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, როცა ეს ადამიანები გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი.

„რა გვერდში დგომა? ეს არის უხეში ჩარევა, დარღვევა საერთოდ ყველაფრის, და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე? მოეწონებოდათ მაგ ადამიანებს, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი რომ ჩავიდეს და გამოვიდეს მათი ოპოზიციის მიტინგზე? ჰგონიათ, არაფერი აქვს სათქმელი მათ ოპოზიციას იქ ქვეყნის შიგნით? ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება მათ ქვეყნებში, მაგრამ არ ვერევით მათი ქვეყნების შიდა საქმეებში. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას? პრობლემა არის შემდეგი: ეს დამოკიდებულება, რომ თქვენ ვინ ხართ საერთოდ, საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს – ეს დამოკიდებულება აქვთ. უფრო მეტს გეტყვით, ერთი ძალიან კარგი ევროპელი კოლეგა მეუბნებოდა, როცა გავუზიარე ჩემი გულისტკივილი, როცა ორი წლის წინ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, შემდეგ შედარებითი ანალიზი გავაკეთე და ვუთხარი – როგორ შეიძლება საქართველო დააყენო უკრაინაზე და მოლდოვაზე უკან, როცა წინ ვართ ათი თავით – იცით, რა მითხრა? ჩემთვის ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო და ეს ქვეყანა მანამდე საბჭოთა კავშირის სოციალისტურ ბლოკში იყო. მან მითხრა, რომ ჩვენი ქვეყანა როცა წევრიანდებოდა, მუხლებზე იყო დაჩოქილი, ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებდით და ყველა პირობაზე ვთანხმდებოდითო, ხოლო თქვენ როცა გამოხატავთ პოზიციას, ეს არის მიუღებელი ბრიუსელისთვის, ბიუროკრატებისთვის, რომლებიც არ არიან მიჩვეული ამ ბარიერებს. მათ უნდათ, რომ მოვიდეს დავალება, ინსტრუქცია და ჩვენ უნდა შევასრულოთ. ასე არ შეიძლება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები