“როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი” – გომელაური
საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
“როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შესვლაში, რასთან დაკავშირებითაც გვსურს, გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება: სსკ-ის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რომელიც შეაფერხებს ამ ობიექტის ნორმალურ მუშაობას, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლის ვადით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.