ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

21 წლის ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა საფუძველს, ბრალდებულ პირთა დამნაშავედ ცნობისთვის.
“2014 წლის 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულები: კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მათ ბრალად ედებოდათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 27 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 18 და დაცვის 15 მოწმე.
ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა საფუძველს პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი პირთა დამნაშავედ ცნობისათვის და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 21 წლის ჯემალ შელია, რომელიც სიონის ტაძარში სტიქაროსანი იყო, გასული წლის 21 დეკემბერს გლდანის მე-2 მიკრორაიონში, თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები