ფოთის მერს 200 ათასი დოლარის მითვისებისთვის უჩივიან
ფოთის მერს ირაკლი კაკულიას პროკურატურაში უჩივიან. ყოფილი ბიზნესპარტნიორი მამუკა სოფრომაძე მას დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც სოფრომაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, მან კაკულიას 200 000 დოლარი ასესხა, ხოლო შემდეგ ვალის არსებობა უარყო.
„თანხა 2009 წელს ვასესხე. შეთანხმებისამებრ, თანხა უნდა დაებრუნებინა 2012 წელს, თუმცა დღემდე არც ერთი კაპიკი არ მიმიღია. ჯართის ბიზნესის აწყობა სურდა ყაზახეთში და დახმარება მთხოვა. პერიოდულად ვინტერესდებოდი და ვთხოვდი ანგარიშს, რაში გახარჯა ჩემ მიერ მიცემული თანხა. როდესაც დათქმული დრო მოვიდა, ამ თანხის უკან დაბრუნება შევახსენე, პირველ ჯერზე თანხმობა განაცხადა და თქვა, რომ ვალს დაფარავდა, შემდეგ კი საერთოდ უარყო, რომ მას რაიმე ვალი ჰქონდა“, – იხსენებს სოფრომაძე.