ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი გადაიდო
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის სასამართლო პროცესი 30 სექტემბრისთვის გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროცესის გადადებამ ბრალდებულებში უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კობა ხარშილაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა ცდილობს, სასამართლო პროცესები გაწელოს, რადგან მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
„პროკურატურა გვეუბნება, მომზადებული არ ვარ სხდომისთვისო. არა მარტო სხდომისთვის არ არის მომზადებული პროკურატურა, არამედ ეს საქმე გამოძიებულიც არ არის. გამოძიება არ არის მზად იმისთვის, რომ გაიმართოს სასამართლო პროცესები”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
მისი ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით კი, პროკურატურა ცდილობს, რომ ეს „ეფ-ბი-აის“ დასკვნა დამალოს, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს დასკვნა არსებობს. ბასილაიას შეფასებით, ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევით გარდაიცვალა და დანაშაული არ მომხდარა.