ეროვნული გალერეა ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა გამოფენას მასპინძლობს
ეროვნული გალერეა ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა გამოფენას მასპინძლობს.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, რეტროსპექტულ გამოფენაზე ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი მოსწავლეების – კორნელი სანაძის, პეტრე ბლიოტკინის, შალვა და იორამ მამალაძეების, მიხეილ ხვიტიას, ლეოპოლდ ძაძამიძის, კოტე გძელიშვილის, რუსუდან ჯავრიშვილის, ნატალია ფალავანდიშვილის და ირინე რაზმაძის – პეიზაჟები სახელმწიფო და კერძო კოლექციებიდან არის წარმოდგენილი.
„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ცნობილი პეიზაჟისტი მხატვრის – ალექსანდრე ციმაკურიძის – დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა ქართული პეიზაჟური სკოლის ერთ-ერთი მესაძირკვლის, ალექსანდრე ციმაკურიძის, და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა შესახებ წიგნი-ალბომი, რომლის პრეზენტაცია გამოფენის გახსნაზე გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 11 მაისის ჩათვლით გასტანს.