„დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“ – აზერბაიჯანის კახის სახელმწიფო ქართული თეატრი რუსთაველის ეროვნული თეატრში

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აზერბაიჯანში მოქმედმა ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგინა ვახტანგ ანდიაშვილის „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო საღამო კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის აღდგენას მიეძღვნა.
საღამოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ზიტა ხალილოვა, ქართული თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები, ქართველი და აზერბაიჯანელი მაყურებლები ესწრებოდნენ.
„დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“ არის ამბავი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების შესახებ, რომელთაც საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება უჭირთ. ხშირად სრულიად უმიზეზოდ ხდებიან დაცინვის ობიექტები, მაგრამ მათი ისეთი სიყვარულის, ერთგულებისა და თავგანწირვის უნარი აქვთ, რომ მთელ სამყაროს ეყოფა. სწორედ ამიტომ მათი ბრძოლა სიმართლისა და გადარჩენისთვის მაგალითი ხდება ყველასთვის. დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი სწორედ სიკეთე უნდა იყოს – მის გარეშე ხომ ყველაფერი ამაოა.
სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა დამდგმელმა რეჟისორმა ლერი შიოშვილმა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ლაშა ანდრიაშვილი, ვიტალი სუყაშვილი, მაყვალა ემრაშვილი, ნინო ჭაჭაშვილი, რაულ ბარიხაშვილი, ლაშა ასლამაზაშვილი და გვანცა ყიყიშვილი.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პირველ ეტაპზე ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო თეატრმა თბილისში გასტროლისას რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლები ორი დღის განმავლობაში გამართა. პირველ საღამოს, რეჟისორმა ნაილი თოფალაშვილმა ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკებზე შექმნილი „სიბრძნის ქარავანი“ წარადგინა.
პროექტის მეორე ეტაპზე თბილისიდან ჩასული პროფესიონალები აზერბაიჯანის ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო ქართულ დრამატულ თეატრში ხუთი დღის განმავლობაში ჩაატარებენ მსახიობის ოსტატობის, მეტყველების, ვოკალის, პლასტიკის, თეატრის ისტორიის მასტერკლასებს.
კახის ქართული თეატრის საქმიანობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. თეატრი სპექტაკლებს მართავს ქართულ ენაზე და აზერბაიჯანში მცხოვრებ მოსახლეობას ქართულ ენას შეასწავლის. ამასთანავე, თეატრი პოპულარიზაციას უწევს ქართულ კულტურას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები