კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 80-იანელ ქართველ მხატვართა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ირაკლი სუთიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 80-იანელ ქართველ მხატვართა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ირაკლი სუთიძის, გარდაცვალების გამო
„თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ (დაზგური გრაფიკა), 1983-1986 წლებში, მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში.
ირაკლი სუთიძე აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებსა და პროექტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (Ca Global Future, ვენა, ავსტრია, 1994; კავკასიელი მხატვრები, ლიბერალურ პროფესიათა სახლი, მონპელიე, საფრანგეთი, 1999; „შეეხე საქართველოს“, გერმანიის განვითარების ბანკი, კიოლნი, გერმანია, 2013; Mia Casa, ტოსკანა, იტალია, 2015 და სხვ.); ასევე, ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისში.
ირაკლი სუთიძის მკაფიოდ ინდივიდუალური, სახასიათო მხატვრული ხერხები მის მონუმენტურ კოპოზიციებს რომანტიკულობის ელფერს ანიჭებს. მისი ცალკეული სცენები განზოგადოებულ სახე-ხატებად წარმოგვიდგება და რელიგიურ თუ მითოლოგიურ ასოციაციებს იწვევს.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმსა თუ გალერეაში: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, გალერეაში „ელექტრა“ (საუსალიტო, აშშ), ნიკოლა სტრონახის გალერეაში (ფერმოილ ლოჯი, კასტელო, ირლანდია) და გერცევის გალერეაში (მოსკოვი, რუსეთი), აგრეთვე, კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდების სამეფოში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ჰაიტიზე, იაპონიაში, კორეაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო უსამძიმრებს ირაკლი სუთიძის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.