„დეკლარაციების შევსება ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის საფირმო ნიშანია“ – გიორგი ცუცქირიძე

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით წერს.

„სხვადასხვა ვერსია შეიძლება, განვიხილოთ, თუ რატომ აქვთ ასეთი მძაფრი რეაქცია დასავლეთში საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ და ახლა უკვე პირველი მოსმენით მიღებულ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რა ისეთი მიუღებელი ფორმულირება წერია, რაც თუნდაც აშშ-ში მიღებულ ცნობილ „ფარას“ კანონში არაა. ჩემი შეფასებით და არა მხოლოდ, ეს მოდელი ეყრდნობა არა რუსულ კანონს, არამედ სწორედ 1938 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ აქტს – უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. რადგან, თუ შენ იღებ ფულს უცხო ქვეყნისგან და შესაბამისად მუშაობ მათ სასარგებლოდ, ან ატარებ მათ პოლიტიკას, შენ უნდა დარეგისტრირდე ამ ქვეყნის აგენტად. რაც შეეხება აქ ასე საჯილდაო ქვად ქცეულ დეკლარაციების შევსებას, ის ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის საფირმო ნიშანია და ნაკლებად თუნდაც რუსულის.

მთავარი პრობლემა, რასაც ქართულ კანონმდებლობის ინიცირებას უკვე ხელმეორედ მოჰყვა არის არა იმდენად ე.წ ომის პარტიის ინტერესებში, რამდენადაც მმართველობითი სტილის დიფუზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ომის პარტიაც ამ მმართველობითი არქიტექტურის ნაწილია. მმართველობის ამ პარადიგმამ დაამხო საქართველოში ეროვნული ხელისუფლება და ზვიად გამსახურდია, რუსების ჩართულობით და აქაური რენეგატების ხელით!

თუ კარგად გავიხსენებთ დამოუკიდებლობის 30 წელს, უნდა გვახსოვდეს, თუ რა მექანიზმებით ხდებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. რა კანონიც არ უნდა მიეღო საქართველოს პარლამენტს, მყისიერად ცისფერ ეკრანებზე ვხედავდით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რომელიც არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და რომლის რეკომენდაციების მიხედვით გადიოდა საკანონმდებლო ცვლილებები. კითხვაც ხშირად გაგვჩენია, ამ პატარა გოგო-ბიჭებმა რა ისეთი ცოდნა დააგროვეს ქვეყანაში მოქმედ საკმაოდ მაღალკვალიფიციურ იურისტებზე მაღლა რომ დგანან? იმავეს თქმა შეიძლება სხვა არანაკლებ ცნობად „ენჯეოებზეც“, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჭკუას რომ გვასწავლიან დღემდე, თუ როგორი სასამართლო სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში.

ეს მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია, დასავლეთის მიერ კულტივირებული მმართველობის ეს სტილი სწორედ არასამთავრობო სექტორით ახდენდა ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებას და მათთვის მისაღები პოლიტიკური კლასების ფორმირებას. კიდევ უფრო, რომ დავკონკრეტდეთ, ეს არის გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დასავლეთში ასე პროპაგანდირებული უმცირესობების ინტერესების გაფეტიშება, რეალურად კი უმცირესობების ინტერესთა დიქტატი უმრავლესობაზე.

მას შეიძლება ასევე ვუწოდოთ უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვის ნეოლიბერალური მოდელი, არასამთავრობო სექტორის, მათ შორის ლგბტ თემის პოპულარიზაციის ინსტრუმენტალიით, აქ ზოგიერთი ნეოტროცკიზმადაც რომ ნათლავს, არც თუ მთლად უსაფუძვლოდ.

ამ პრინციპით, ანუ საინფორმაციო პოლიტიკის ამ პარადიგმაზე აგებით, გარედან ჩარევით ხდებოდა არა თუ პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენა, არამედ პარლამენტის ფორმირებაც და მთავრობების დამტკიცებაც. უმრავლესობის ნება იყო აბსოლუტურად იგნორირებული, სადაც არჩევნებს სტატისტის როლი ჰქონდა დაკისრებული. ამიტომაც იყო, რომ ამ მოდელით წინა ხელისუფლება ითვლებოდა დემოკრატიის შუქურად და დიდად არც არავინ ნერვიულობდა თუ როგორ „შეკრიჭავდა“ მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციას. თვით „ფერადი რევოლუციებიც“ ამ მოდელითვე განხორციელდა.

დღეს მმართველობის ამ მოდელს თავად აშშ-ში უპირისპირდება დონალდ ტრამპი, სხვას კი არაფერს როგორც დამღუპველს ამერიკისათვის. რადგან ეს ტენდენცია არა მხოლოდ ამერიკაში, ევროპაშიც მზარდია, ჩვენთან ინიცირებულ კანონსაც სწორედ ამიტომ აქვს ასეთი მძაფრი რეაქცია დასავლეთის მმართველ წრეებში. მათ უბრალოდ არ სურთ პრეცედენტების დაშვება.

სულ ეს არის, რაც ჩვენთან ხდება და რატომაც არიან აქაური მსხვილი დაფინანსების მქონე „ენჯეოები“ ასე გაჯიქებული და არა მხოლოდ მათი დაფარული ხარჯვითი მუხლების გამო“, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები