“ირანს ვუპასუხებთ, მაგრამ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ და არა – ემოციებით” – ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანის თავდასხმას “სიბრძნით და არა ემოციით” უპასუხებს.
ნეთანიაჰუს სიტყვებს რადიოსადგური Kan-ი ციტირებს.
„ირანს ვუპასუხებთ, მაგრამ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ და არა ემოციებით. ისინი სტრესის მდგომარეობაში ისევე უნდა აღმოჩნდნენ, როგორც ჩვენ აღმოვჩნდით”, – თქვა მან.
რადიოსადგურის ცნობით, ისრაელს მოუწევს, შეატყობინოს აშშ-ს საპასუხო თავდასხმის შესახებ, რათა ამერიკელები “მომზადების გარეშე საფრთხეში არ აღმოჩნდნენ”.
Kan-ის წყაროს ცნობით, ასეთი პირობა ვაშინგტონმა წამოაყენა.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაგერი ქანიმ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა იცოდეს, თუ ის უპასუხებს ირანის თავდასხმას, თეირანი კონტრზომებს არა 12 დღეში მიიღებს, როგორც წინა ჯერზე მოხდა, არამედ წამებში.