ცნობილი რეჟისორისა და თეატრალური პედაგოგის – ლევან (რეზო) მირცხულავას დაბადებიდან 90 წელი გავიდა

ცნობილი რეჟისორისა და თეატრალური პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ლევან (რეზო) მირცხულავას, დაბადებიდან 90 წელი გავიდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს რეზო მირცხულავას ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.
„თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ლევან (რეზო) მირცხულავა სხვადასხვა დროს რეჟისორის, მთავარი რეჟისორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსით საქმიანობდა სოხუმის, მარჯანიშვილის, რუსთაველის, რუსულ მოზარდ მაყურებელთა, გრიბოედოვის, ფოთის, ბათუმის თეატრებში. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი რეჟისორი, ათი წლის მანძილზე უძღვებოდა სახალხო ზეიმ „თბილისობას“.
რეზო მირცხულავა ფართო დიაპაზონის რეჟისორი იყო; დგამდა სხვადასხვა სტილისა და ჟანრის სპექტაკლებს, მუშაობდა თანამედროვე და კლასიკურ ეროვნულ თუ უცხოურ ნაწარმოებებზე. მის მიერ სხვადასხვა თეატრში დადგმული ათეულობით სპექტაკლიდან აღსანიშნავია: კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, ა. ჟერის „მეექვსე სართული“, ა. ყაზბეგის „მოძღვარი“, უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (სოხუმის თეატრი), ჟ. ანუის „ტოროლა“, კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ (მარჯანიშვილის თეატრი), მ. ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულება“, ა. ტოლსტოის „ივანე მრისხანეს სიკვდილი“, ა. გეწაძის „პაემანი ცაში“ (რუსთაველის თეატრი), ვ. მაიაკოვსკის „აბანო“, გ. ნახუცრიშვილის „კომბლე“, ა. ჩეხოვის „დათვი“ და „ხელის თხოვნა“ (რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრი), ევრიპიდეს „მედეა“ (ფოთის თეატრი) ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ (გრიბოედოვის თეატრი), გ. რობაქიძის „ლამარა“ ჟ. ანუის „ტოროლა“ (ბათუმის თეატრი) და სხვა.
განსაკუთრებულია რეზო მირცხულავას პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი მრავალი წლის მანძილზე იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე და პედაგოგი, აღზარდა მსახიობთა თაობები. იყო ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პირველი რექტორი, ამავე ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის კათედრის გამგე. მისი თაოსნობით ინსტიტუტთან დაარსდა საბალეტო სტუდია, შეიქმნა პანტომიმისა და თოჯინების ჯგუფები. რეზო მირცხულავამ ხულოს სახელმწიფო თეატრის გახსნისთვის მოამზადა პროფესიონალ მსახიობთა და რეჟისორთა ჯგუფი და ეს თეატრი მის მიერ დადგმული სპექტაკლებით გაიხსნა.
რეზო მირცხულავას ეკუთვნის 20-ამდე სამეცნიერო ნაშრომი მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის მეთოდოლოგიის საკითხებზე“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები