ჟან შიჩაი – ყველაზე მაღალი ჩინელი კაცის ისტორია
ზოგადად, მიღებულია, რომ ჩინელები არც თუ ისე მაღალი ხალხია. ძირითადად, ეს ასეა – მამაკაცების საშუალო სიმაღლე 165 სმ-ს, ქალების კი, უფრო ნაკლებს შეადგენს, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც… ჟან შიჩაი დღემდე რჩება ყველაზე მაღალ ჩინელად ადამიანად, რომლის სიმაღლეც ოფიციალურად არის გარკვეული და დოკუმენტებშიც დაფიქსირებულია. მისი სიმაღლე 2.48 მეტრი იყო.
ჟან შიჩაი დაიბადა 1841 წლის 20 დეკემბერს, სოფელ ჰონგ გუანში, უიუანის ოლქში, ძიანგსის პროვინციაში. დაბადებიდან მალევე გაირკვა, რომ ის განსაკუთრებული ბავშვი იყო. 6 თვის ასაკში ბიჭი იმდენს იწონიდა, რამდენსაც – 6 წლის ბავშვი. 2 წლის ასაკში დედას უკვე უწევდა, აეხსნა უცნობებისთვის, რატომ აჭმევდა ძუძუს „ამხელა“ ბიჭს.
ჟანი ღარიბი ოჯახიდან იყო, ამიტომ ბავშვობიდანვე მძიმე შრომა უწევდა. 25 წლის ასაკში იგი შანხაის მელნის ქარხანაში ბრიტანელებმა შენიშნეს და ცირკის მსახიობის კარიერა შესთავაზეს, კარგი ხელფასითა და სამყაროს ნახვის შესაძლებლობით. შიჩაი დათანხმდა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.
სამშობლოდან წასვლის შემდეგ „ჩინელი გიგანტის“ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მან მოინახულა მრავალი ქვეყანა, ისწავლა 10 ენა და დაქორწინდა კიდეც ლივერპულელ გოგონაზე, სახელად ქეთრინ სანტლიზე. მათ სამი შვილი შეეძინათ. შიჩაი კარგად შეეგუა ევროპულ ცხოვრებას. მან ვარცხნილობაც შეიცვალა და ჩაცმის სტილიც.
1878 წელს ჟან შიჩაიმ გადაწყვიტა, მსახიობის კარიერა დაეტოვებინა. მას ჰქონდა საკმარისი ფული, რათა საკუთარი ბიზნესი გაეხსნა და საცირკო წარმოდგენებზე აღარ გამოსულიყო. მისი ოჯახი საცხოვრებლად ბრიტანეთის ქალაქ ბორნმუთში გადავიდა და ჩაის მაღაზია გახსნა. მოგვიანებით, ჟანმა ვაჭრობა გააფართოვა და ანტიკვარიატის, ასევე ჩინური აბრეშუმის ქსოვილების განყოფილება დაამატა.
ამგვარად, „ჩინელი გიგანტი“ მშვენიერ ცხოვრებას ეწეოდა და ვაჭრობით იყო დაკავებული. მან შვილიშვილების აღზრდაც მოასწრო. ყველაზე მაღალი ჩინელი მამაკაცი 1893 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი შემთხვევის შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჟანის ფენომენალური ზრდა არ იყო დაკავშირებული რაიმე დაავადებასთან, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. აღმოჩნდა, რომ შიჩაების ოჯახში სხვა მაღალი კაცებიც იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჟანს საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ, მამამისი და მისი ძმებიც, დაახლოებით, 2 მეტრის სიმაღლისა გახლდნენ, რაც ჩინელი მამაკაცისთვის, ასევე, ძალიან უჩვეულოა. გაირკვა ისიც, რომ სოფელში მათ სახლს, მაღალი ჭერისა და არასტანდარტული კარის გამო, თურმე „გიგანტების სახლს“ ეძახდნენ.