დედაენის უნიკალური გამოცემების გამოფენა 30 აპრილამდე გაგრძელდება
14 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში დედაენის უნიკალური გამოცემების გამოფენა გაიხსნა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ღონისძიება დედაენის დღეს მიეძღვნა.
46 წლის წინათ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 14 აპრილს გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციის შემდეგ კომუნისტური რეჟიმის გადაწყვეტილება შეიცვალა.
ამ მოვლენების შემდეგ 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდსა და ხელუხლებელ ფონდში დაცული დედნის უნიკალური გამოცემები. მათ შორისაა მშობლიური ენის შემსწავლელი პირველი სახელმძღვანელოს ავტორის, იაკობ გოგებაშვილის შექმნილი და მისი ხელით ჩასწორებული დედაენა, 1670 წელს რომში გამოცემული ქართული ენის სახელმძღვანელო და სხვა.
ინფორმაციისთვის: ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება იაკობ გოგებაშვილის კარადა მისი პირადი ბიბლიოთეკით.
გამოფენა 30 აპრილამდე გაგრძელდება.