კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე „მოქალაქე წმინდანის“ ჩვენება გაიმართება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე ფილმის ჩვენების ხელშეწყობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისთვის“ შედეგად, რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის „მოქალაქე წმინდანი“ კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე ჩვენებას ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს.
„მოქალაქე წმინდანი“ გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით. ფილმის მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, რომლის მცხოვრებლებს ქალაქის მთავარ მოედანზე წმინდანის ქანდაკება აქვთ აღმართული. ერთ დღეს წმინდანი ცოცხლდება და ადამიანების გვერდით იწყებს ცხოვრებას, მაგრამ ეს უჩვეულო მოვლენა ქალაქს აწუხებს და არავინ იცის, როგორ მოიქცეს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.
ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „მოქალაქე წმინდანი“ არის 2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს სახელით გაგზავნილი ფილმი. 2023 წელს ფილმი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველეს, კარლოვი-ვარის, საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა და ეკუმენური ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა. ამავე ფესტივალზე გაიმართა ფილმის მსოფლიო პრემიერა. იმავე წელს ფილმი Asia Pacific Screen Awards-ის ნომინანტი იყო. ფილმით დაინტერესებულია არაერთი საერთაშორისო პლატფორმა.
სწორედ „მოქალაქე წმინდანით“ დაიხურა 2023 წლის დეკემბერში რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“, რომელსაც კინოაკადემიის ლურჯი დარბაზი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მასპინძლობდა.
ამჯერად ფილმს კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე უჩვენებენ“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები