ავსტრალიამ შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს
ავსტრალიამ შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიაროს, რომ დააჩქაროს რეგიონში მშვიდობისკენ მოძრაობა.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პენი ვონგმა განაცხადა.
ამასთან, როგორც ვონგი აცხადებს, პალესტინის სახელმწიფოს მართვაში „ჰამასმა“ არანაირი როლი არ უნდა ითამაშოს.
თავის გამოსვლაში ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პენი ვონგმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს შექმნის გამოსავალი, რომლის ფარგლებში ისრაელელები და პალესტინელები გვერდიგვერდ იცხოვრებენ ორ სახელმწიფოში, ერთადერთი გზაა, რომელიც ძალადობის სპირალის დასრულების იმედს იძლევა.
„ამ მიდგომის რეალიზაციის უუნარობა ყველა მხარის მიერ, რაც ათწლეულებია, გრძელდება და ასევე ნეთანიაჰუს მთავრობის უარმა, იმუშაოს პალესტინის სახელმწიფოს საკითხზე, გამოიწვია ფართო იმედგაცრუება. ამიტომაც, საერთაშორისო საზოგადოება ახლა განიხილავს პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხს, როგორც საშუალებას, გააჩინოს იმპულსი ორი სახელმწიფოს შექმნის პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.