ჯოზეფ ბორელი: ევროპას ომი ემუქრება, რეალობას ვერ უარვყოფთ

ევროპაში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი ფანტაზია აღარ არის, ამიტომ ევროპელებმა კონტინენტზე მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი ომისთვის მოსამზადებლად დაფინანსების ახალი გზები უნდა იპოვონ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„ომი უდავოდ გვემუქრება… და ევროპაში მაღალი ინტენსივობის ტრადიციული ომი აღარ არის ფანტაზია“, – აღნიშნა ბორელმა.

მანვე დასძინა, რომ რუსეთი ევროპას უკრაინაში მიმდინარე ომითა და ევროკავშირის ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმებით საფრთხეს უქმნის.

„ის [ომი] არ დაიწყება ხვალ, მაგრამ ჩვენ ვერ უარვყოფთ რეალობას. ჩვენ მთავრობათაშორისი დაფინანსების ახალი მექანიზმი გვჭირდება, რომელიც შეიძლება, შევადაროთ იმას, რაც ფინანსური კრიზისის დროს შევქმენით“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელებს შორის იზრდება შიში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელმაც დაიმუქრა, რომ არ დაიცავდა იმ ნატოს მოკავშირეებს ევროპაში, რომლებიც თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავდნენ.

„აშშ-ის ქოლგა, რომელსაც ცივი ომის დროიდან ვეყრდნობოდით, შესაძლოა, მუდმივად გახსნილი არ იყოს. შესაძლოა, იმის გამო, თუ ვინ ხელმძღვანელობს ვაშინგტონს, ჩვენ ვერ ვიყოთ ამერიკისგან დაცვის იმედად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები