მედიის ცნობით, სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მაისის დასაწყისში საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის პრეზიდენტის ბუდაპეშტში ვიზიტი ორმა დამოუკიდებელმა წყარომაც დაადასტურა.

ცნობილია, რომ სი ძინპინი საფრანგეთში 5 მაისს ორდღიანი ვიზიტით ჩავა და შემდეგ ბელგრადს ეწვევა.

ჩინეთის ლიდერის სერბეთში ვიზიტის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს განაცხადა, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. ჩვენი ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი ბუდაპეშტში ბელგრადის შემდეგ ჩავა.

შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი უნგრეთს ბოლოს 2009 წლის ოქტომბერში ეწვია, როდესაც ჯერ კიდევ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტი იყო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ბოლო შეხვედრა კი ჩინეთის ლიდერმა გასული წლის ოქტომბერში, პეკინში გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები