გიორგი ვოლსკი: ჩვენი ოპონენტები ათასგზის ამბობენ ამ სისულელეს, რომ ეს არის რუსული კანონი 

“რატომ არ უნდა ჰქონდეთ სურვილი თვითონ დონორ ორგანიზაციებს, რომ ყველამ დაინახოს, რაში იხარჯება თანხები? ამით ხომ დეპოლარიზაციაც დამთავრდება?!”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტები არგუმენტების გარეშე ამბობენ, რომ კანონი რუსულია.

„ჩვენი ოპონენტები ათ და ათასგზის ამბობენ ამ სისულელეს, რომ ეს არის რუსული კანონი და დაამთავრეს ამაზე ლაპარაკი, არგუმენტებში შესვლის გარეშე. ყველას უჩნდება შეკითხვა – თვითონ დონორი ორგანიზაციები რატომ არ აკეთებენ პრინციპულ განცხადებას? ისე, როგორიც ეს გააკეთა „დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ პრეზიდენტმა კენ ვოლაკმა, რომელმაც თქვა, რომ კატეგორიულად დაუშვებელია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფინანსებას იყენებდეს პოლიტიკური მიზნით. შალვა პაპუაშვილთან და არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან, სხვებთანაც, ხშირად ყოფილა საუბარი იმაზე, რომ არ გვინდა ამ კანონის მიღება, ვინაიდან გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი, გაუმჭვირვალობა კი არა და ჩვენ ისედაც გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. რაც დრო გადის, ჩვენ ვხედავთ, რომ იქ დააფინანსეს ისეთი შეხვედრა, რომელსაც კულტურის თემაზე კონსულტაციები დაარქვეს და ჩამოყვანილი ჰყავდათ ექსპერტები, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს ასწავლიდნენ თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ, ბულდოზერითა და სხვა ფიზიკური რესურსებით პოლიციას. შედეგიც მივიღეთ, როდესაც ვიღაცამ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა და იარაღის ტარების საკითხიც იყო, სულ ახლახან. უცებ წარმოვიდგინე, რომ ვარ უცხოელი ექსპერტი, რომელსაც ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს, რომ საქართველოში ხორციელდება გარკვეული პროექტები, მილიონები შემოდის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშზე და ისინი უარს აცხადებენ, რომ გამჭვირვალე გახადონ ეს ხარჯები. მეორე მხრივ, საეჭვოა ის აქტივობები, რომლებსაც ისინი ამ თანხებით სჩადიან. რატომ არ უნდა ჰქონდეთ სურვილი თვითონ დონორ ორგანიზაციებს, რომ ყველამ დაინახოს რაში იხარჯება თანხები? დეპოლარიზაციაც, ხომ დამთავრდება ამით“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები