თბილისის კონსერვატორიის ვიცე-რექტორად ნინო კასრაძე დაინიშნა
2024 წლის 1 აპრილს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, გიორგი ვაჩნაძის, ბრძანებით, კონსერვატორიის რექტორის მოადგილედ ნინო კასრაძე დაინიშნა.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ნინო კასრაძემ 1999 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით და 2003 წლამდე აქვე გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების კურსი (სოლო ფორტეპიანო). 2011 წელს მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი საშემსრულებლო დარგში.
„იგი სხვადასხვა დროს იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედისა“ და ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილებების პედაგოგი. 2007 წლიდან საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2023 წელს იყო „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორის მოადგილე.
ნინო კასრაძე არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (პირველი პრემია და სპეცპრიზი, როგორც საუკეთესო უცხოელ მონაწილეს ქ. რომის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე Harmoniae; პირველი პრემია და სპეცპრიზი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პიანისტ მუსიკოს-შემსრულებელთა XV საერთაშორისო კონკურსზე Citta di Barletta prize; ფინალისტის დიპლომი ქ. კანტუს საფორტეპიანო კონცერტების XX საერთაშორისო კონკურსზე; პირველი პრემია ქ. მარკოპულოს პიანისტთა IV საერთაშორისო კონკურსზე).
ნინო კასრაძე ავტორია წიგნებისა „მზიანი ღამის მელოდიები“ და „ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლების მეთოდიკა“. 2008 წელს გაიარა კვლევითი სტაჟირება გერმანიაში (მიუნხენი, გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამების სამსახური DAAD).
ნინო კასრაძემ 2011 წელს დააფუძნა საქართველოს სამუსიკო სკოლების რეგიონული კონკურსი. იგი კონკურსის ჟიურის მუდმივი წევრი და მეთოდური პროგრამის შემდგენელია. 2021 წელს იყო ევა და იოსიფ კოგანების სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი (ალმატი, ყაზახეთი). მუსიკოსი, ასევე, არის ა(ა)იპ „კულტურის და განათლების აკადემია 2020“-ის დამფუძნებელი დირექტორი და საქართველოს მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი. 2022 წელს ჩამოაყალიბა ცენტრალური სამუსიკო სკოლის („ნიჭიერთა ათწლედის“) პედაგოგთა ორკესტრი.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ნინო კასრაძეს თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.