ეროვნული ბანკი: თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26.9%-ით დაიკლო და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 5.1%-ით 29.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

„თებერვალში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 67%-ით, 62 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპით, 35.3%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები ზომიერად, 9.7%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია და 24.5%-ს შეადგენს. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. თებერვალში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 47.0%-ით და 17.8%-ით. აღსანიშნავია, უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. თებერვალში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 38.8%-ს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს, ასევე რუსეთი 22.8%-იანი წილით და აშშ 15.1%-იანი წილით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები