არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და შეფასებები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და შეფასებები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, სწორედ ამიტომ ეთქვა უარი პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე.
მისივე თქმით, პრემიერმინისტრმა კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში წესების სრული დაცვით იმოქმედა.
„მას კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას, პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ამაში არაფერი სენსაციური არ არის და არავითარი საკამათო არ არსებობს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, სალომე ზურაბიშვილმა არაერთ ეთერში თუ საერთაშორისო პლატფორმაზე დასვა კითხვები, იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. ასევე, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში გაატარა და რაზეც ბრიუსელში ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ასევე, ნატოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე პირდაპირ თქვეს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება, განცხადებები და შეფასებები, რომელიც მას არაერთხელ დაუფიქსირებია საერთაშორისო ვიზიტებშიც, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, ეს გახლავთ არგუმენტი, რის გამოც ამ ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა.