სოზარ სუბარი: სიამოვნებით მოვისმენდი ევროკავშირის პრესსპიკერის შეფასებას კანონზე, რომელიც საფრანგეთმა უკვე მიიღო და რომელიც ევროკავშირის დონეზე თითქმის მიღებულია

ორმაგი სტანდარტი დაუშვებელია, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, სოზარ სუბარი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებას.

სუბარის თქმით, დისკრიმინაციული მიდგომა და ზემოდან ყურება დაუშვებელია ნებისმიერი პირისგან.

„ჩვენ სახელმწიფო ვართ და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ. როცა ევროკავშირის პრესსპიკერი ამბობს, თითქოს ცვლილებები ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მის შეფასებას იმ კანონზე, რომელიც საფრანგეთმა უკვე მიიღო და რომელიც თითქმის მიღებულია ევროკავშირის დონეზე და გაცილებით მკაცრია. არანაირი ტოლობა ამ კანონსა და საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრობას შორის არ არის, თუმცა, ჩვენმა ძალიან მტკიცე პოზიციამ შეცვალა დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება, ისინი ამას „რუსულ კანონს“ ისე თამამად ვეღარ უწოდებენ, როგორც ერთი წლის წინ ბედავდნენ. ფოტიგები და ვიღაცები რას იტყვიან, მართლა არ გვაინტერესებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადების თანახმად, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი, 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად, კვლავ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები