მამუკა მდინარაძე – ბერძენიშვილის განცხადებაზე: მეტი აღიარება რა გინდათ?
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე “გამჭვირვალობის” კანონის შესახებ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ განცხადებით მათ აღიარეს, რომ უცხოური ფული, რომელიც სხვა მიზნობრიობით შემოდის, სინამდვილეში იხარჯება, მათ შორის, პოლიტიკაში. ზუსტად ამას ვამტკიცებდით ჩვენ. ქართულ პოლიტიკაზე როდესაც მიდის მიბმა, ე.ი. ისინი აღიარებენ, რომ დონორების ფული იხარჯება პოლიტიკურ საქმიანობისთვის. ეს ხომ პირდაპირი აღიარებაა. ანუ, არალეგიტიმური ფულია. კაცს უთქვამს პირდაპირ, უღიარებია, რომ პოლიტიკას შეექმნება პრობლემა. მეტი აღიარება რა გინდათ? გაუმჭვირვალობის მიზანიც ეს არის. თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, დეკლარაცია შეავსონ და დამთავრდება. მთელი ამბავი ეს არის. გამჭვირვალობის პრობლემა არ არისო და ამ დროს საუბარია დეკლარაციის შევსებაზე და ამას ასე უაპელაციოდ „რუსულს“ რატომ ეძახიან, იცით? რაღაც ხდება იქ ისეთი, რომ თავს იკლავენ, მთელი ძალა გადატანილი აქვთ იმისკენ, რომ არ მიიღოს საქართველომ ეს კანონი, რომელსაც დღეს უკვე ევროკავშირი იღებს. როდესაც გამჭვირვალობას არანაირი პრობლემა არ აქვს, „ენჯეო“ სექტორის არცერთ ორგანიზაციას პრობლემა არ ექნებოდა, რომ ყოველ იანვარს წინა წლის შესახებ დეკლარაცია შეავსოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილმა “გამჭვირვალობის კანონზე” საუბრისას განაცხადა: “იმ ორგანიზაციების რიგებში, რომლებიც 20%-ით ფინანსდებიან, აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი “ენჯეო” სექტორი და სხვა”.