პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს პარაგვაის, დაუბრკოლებლად გაიტანოს პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე

საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია კავკასიასა და ევროპას შორის. ეს კი პარაგვაის აძლევს შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად გაიტანოს თავისი პროდუქცია მრავალფეროვან ბაზარზე, სადაც საქართველოს აქვს წვდომა, – ამის შესახებ პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუბენ რამირეს ლესკანომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ბრწყინვალედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ღონისძიებებს.

„ჩვენ ამ კუთხით თანამშრომლობაზეც შევთანხმდით. ასევე, განვიხილეთ ტურიზმისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზები და განვსაზღვრეთ საერთო ინტერესის სხვა სფეროებიც“, – აღნიშნა ლესკანომ.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების გამოწვევები და ორი ქვეყნის საერთო შეხედულებები ამასთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე, ასევე, განვიხილეთ ერთობლივად მოქმედების შესაძლებლობები“, – განაცხადა აღნიშნა ლესკანომ.

პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღო საქართველოში მიწვევა და ეს ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური ინსტიტუციების ფარგლებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ილიას სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ დავარწმუნო ის, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ერთად მუშაობას“, – აღნიშნა ლესკანომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები