დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია და მათი დამკვეთები მიზანმიმართულ სიცრუეს ავრცელებენ, რათა საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეიყვანონ.
„ენის კიბო – ავთვისებიანი დაავადებაა, რომლის სამედიცინო გამომწვევ მიზეზების ახსნაზე თავს შევიკავებ. უმძიმესი სნეულებაა, ღმერთმა დაიფაროს ყველა. არის ამ დაავადების სულიერი სახეობაც – ცილისწამება. აი, როდესაც „ენას ძვალი არა აქვს”. ენასთან დაკავშირებული სამედიცინო ონკოლოგია იწვევს ფიზიკურ სიკვდილს, ხოლო სულიერი „ონკოლოგია” – გაცილებით უფრო მწვავე შედეგებს.
ამ დღეებში ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელეარხებიდან ვაკვირდები სულიერი „ონკოლოგიით” შეპყრობილი ახალგაზრდა ჟურნალისტების ტრაგედიას და გულით ვუსურვებ მათ, სამედიცინო ფორმებში არ აისახოს ის ენით აღუწერელი სიცრუე, რომლის თქმასაც მათ აიძულებენ ფინანსურად კმაყოფილი და გამაძღარი პატრონები. ის პატრონები, რომლებიც ამ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ სახელფასო ფონდს იმ ლობისტებზე ანიავებენ, ვისგანაც მორიგ „არამიზნობრივ” და „აღურიცხავ” ტრანშებს ელოდებიან საკუთარი კეთილდღეობისა და ამ ქვეყნის საბოლოოდ დასამარების მიზნით.
დიახ, სამედიცინო და სულიერი ონკოლოგიის გამომწვევი სრული სიცრუეა ის, რასაც ვისმენთ ამ ბოლო 24 საათში!!! არანაირ შშმ პირებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, სპორტსმენებს, კულტურის მუშაკებს, ფერმერებს და ა.შ. „გამჭვირვალობის კანონი” არ შეეხება!!! ეს არის ცილისწამება, ფეიკი, სიცრუე და დეზინფორმაცია!!!
იცით რას შეეხება? როდესაც ორიოდე წლის წინ ჩემს უშუალო სამეზობლოდ ყოფილი ომბუდსმენის აპარატის ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა ნაკვეთი შეიძინა და თანამედროვე დიზაინის სახლის მშენებლობა დაიწყო, სანამ ლომჯარიას ფრთის ქვეშ იყო – სახლი შენდებოდა. როგორც კი სარფიან ადგილს დაემშვიდობა – წელიწადია მშენებლობა შეჩერებული აქვს. ვეღარ ხდება სხვადასხვა ფონდებიდან მისთვის განკუთვნილი მუქთა ფულით პროექტის კაპიტალიზაცია.
ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა. წარმომიდგენია ასეთი რამდენია და რამდენის პირად კეთილდღეობაზე ჩამოწვა გამოაშკარავებისა და მხილების შავი ღრუბელი! ყველაზე უხეში გაანგარიშებით – 2-3 მილიარდი დაილექა „ენჯეო” სექტორის რადიკალური ფრთის, ამ „მიუკარებელთა კასტისა” და „სექტის”, ამ აგენტების, ლაქიებისა და მარიონეტების ჯიბეში!
ხელისუფლება და „ხალხის ძალა” შშმ პირებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, სპორტსმენებს, კულტურის მუშაკებს, ფერმერებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას – რეალურად მათთვის განკუთვნილ პროექტებზე გამიზნული თანხების ამ წურბლებისა და მავნებლების საბანკო ანგარიშებზე გაუმჭვირვალე მოხვედრის მავნე პრაქტიკას წერტილი დაუსვას! რათა, რეალურად, ქვეყნის სასიკეთოდ იხარჯებოდეს ის, რითაც დღეს მხოლოდ ქართველი „ბრახმანები” სარგებლობენ. დაფიქრდით ამაზე და საკუთარი ცნობიერებით მანიპულირების საშუალებას ნუ აძლევთ მათ! გახდით თავისუფლები! თქვენ არ ხართ მათ პლანტაციებზე დასაქმებული მონები!”, – წერს დავით ქართველიშვილი.