შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სამყაროში, სადაც ჰიბრიდული მეთოდები არის გავლენის მოხდენის ერთ-ერთი მეთოდი, ყველა სახელმწიფო ცდილობს, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა რბილი ძალის ფარული გავლენებისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რაღაც გასავლელი დერეფანი, სადაც ვისაც უნდა შემოვა, ფულს დახარჯავს იმისთვის, რომ თავისი გავლენები და ინტერესები გაატაროს და ისე გავა, რომ საზოგადოება ვერც კი გაიგებს, რა მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.
„გამჭვირვალობა არის ევროპა და გაუმჭვირვალობა არის საბჭოთა კავშირი. სინამდვილეში ეს მყვირალა ხალხი იცავენ საბჭოთა კავშირს ჩვენ სისტემაში და არა ევროპას, ვინაიდან ევროპა არის გამჭვირვალობა. ამიტომ იღებენ ამ დირექტივას ევროკავშირში გამჭვირვალობისთვის; ამიტომ მიიღო დღეს საფრანგეთმა ის კანონი; ამიტომ იღებს დიდი ბრიტანეთი; ამიტომ აქვს აშშ-ს; ამიტომ არის ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანაში სხვადასხვა სახით გამჭვირვალობის რეესტრები – ზოგან ლობისტების რეესტრი ჰქვია, ზოგან გავლენების რეესტრი ჰქვია და ასე შემდეგ. დღევანდელ სამყაროში, სადაც ჰიბრიდული მეთოდები არის გავლენის მოხდენის ერთ-ერთი მეთოდი, ყველა სახელმწიფო ცდილობს, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა რბილი ძალის ფარული გავლენებისგან.
ჩვენ, საქართველო გეოპოლიტიკურად ვართ ერთ-ერთ რთულ რეგიონში. ფაქტობრივად, ჩვენს გარშემო ცეცხლის რკალია. ჩვენი ქვეყნის მიმართ არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ზოგიერთ შემთხვევაში, ბიზნეს-ინტერესები სხვადასხვა სექტორის მიმართ. რა თქმა უნდა, ამისგან ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რაღაც გასავლელი დერეფანი, სადაც ვისაც უნდა შემოვა, ფულს დახარჯავს იმისთვის, რომ თავისი გავლენები და ინტერესები გაატაროს და ისე გავა, რომ საზოგადოება ვერც კი გაიგებს, რა მოხდა.
როგორ წარმოიშვა ინფორმაცია სანქციების გვერდის ავლის შესახებ? შემთხვევით გავიგეთ, რომ „ენჯეოს“ უკან დგას კონკრეტული ფონდი, რომელიც ამას აფინანსებს. „მონა.გე“ საიტი რომ გააკეთეს, ვინ გააკეთა? – „დროამ“, ვინ აფინანსებს? – „ევროპის დემოკრატიული ფონდი“. თუკი რაიმე არის ანტიევროპული, ეს პროექტია ანტიევროპული, რომელიც ადამიანის ღირსების არათუ შელახვაა, არამედ ადამიანის ღირსების არაღიარებაა და ამაში იხარჯება ევროპული, თუ უცხოური ფული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.