არჩილ თალაკვაძე: საქართველოსაც დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება, რომ ქვეყნის სამოქალაქო თუ ნებისმიერი სხვა სექტორი იყოს გამჭვირვალე

,,საქართველოსაც დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება, რომ ქვეყნის სამოქალაქო თუ ნებისმიერი სხვა სექტორი იყოს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეებთან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალებას მმართველი გუნდი არავის მისცემს.

„არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. არავის მივცემთ საშუალებას, რომ არასწორი არგუმენტებით, უსაფუძვლოდ ისევ სცადონ თავდასხმა ხელისუფლებასა და ჩვენი ქვეყნის იმიჯზე. რეალურად, ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობამ, შემოვიტანეთ ინიციატივა, რომელიც ეხება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ორგანიზაციებისთვის და ორგანიზაციებს უწესდებათ იგივე ვალდებულება, რაც აქამდე ჰქონდა ბიზნესს, საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებს. ეს არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება, სადაც იქნება მითითებული, საიდან მოდის დაფინანსება, მითითებული იქნება ძირითადი ინფორმაცია, რასაც ყველა სხვა სექტორი, მათ შორის ჩვენც, თანამდებობის პირები, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ფარგლებში ვაბარებთ. მით უმეტეს, როცა ასეთი დირექტივა, სტანდარტი და საკანონმდებლო ინიციატივები უკვე აქვს არაერთ განვითარებულ ქვეყანას. საქართველოსაც დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება, რომ ქვეყნის სამოქალაქო თუ სხვა ნებისმიერი სექტორი იყოს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეებთან. მინდა, შევახსენო ყველას, ვინც უკვე გამოვიდა მოუმზადებელი კრიტიკით, რომ დემოკრატიის მთავარი საფუძველი არის ინფორმირებული საზოგადოება და მოქალაქეები. ვიღაც როცა ცდილობს, მოქალაქეებს დაუმალოს დაფინანსების წყარო და მიზნები, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიას და გამჭვირვალობის პრინციპს. ეს კანონი ემსახურება ერთადერთს – ისევე როგორც სხვა სექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის სტანდარტს აკმაყოფილებდნენ და მოქალაქეებს ჰქონდეს ინფორმაცია. მინდა, ჩვენი მოქალაქეების გასაგონად ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციებს. არამც და არამც არ ეხება ფიზიკურ პირებს, არცერთი პროფესიის წარმომადგენელს, არც სტუდენტებს, არც მეწარმეებს, არც სოფლის მეურნეობაში თუ სოციალურ სერვისებში დასაქმებულებს. ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ უცხოური დაფინანსება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები