დავით მათიკაშვილი: ე.წ. პრეზიდენტს სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა
მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.
“სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა დღეს საქართველოს ე.წ პრეზიდენტს. ის დიდი ხანია საკუთარი ხალხის და ერის ინტერესებს აღარ გამოხატავს. მას შემდეგ, რაც პირველ რიგში, კონსტიტუცია უტიფრად დაარღვია, რომელზე ხელის დადებითაც მან ფიცი დადო ქვეყნის წინაშე. ეს იყო ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული გამოსვლა. სალომე ზურაბიშვილისგან, სამწუხაროდ, ჩვენ მეტს არაფერს ველოდებით. მას არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. მისთვის მთავარია საკუთარი პატრონების წინაშე ვალი მოიხადოს და მათთვის მაამებელი განცხადებები გააკეთოს. მანიპულირება 9 აპრილით, ქვეყნის ძალიან დიდი ბრძოლით, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, არის სალომე ზურაბიშვილს და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სტილი. ისე, რომ კარგად ჩაჯდა ზურაბიშვილი ამ სტილში. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამწუხაროდ, ქვეყანას დღეს ჰყავს არა ის პრეზიდენტი, რომელსაც საზოგადოება ენდობა და ხმა მისცა, არამედ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარედან სულდგმულობს იმ ენერგიით, რომელიც საქართველოში მას ნამდვილად აღარ ეკუთვნის”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის თქმით, ,, ქართულმა ოცნებამ” თავისი სახე უკვე გამოაჩინა. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა: “ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაცია არის საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ”.