შალვა პაპუაშვილი: არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანაში შემოდიან, ფარულად აფინანსებენ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს, რაც აკრძალულია კანონით
“მაინტერესებს თქვენი, საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, გინდათ, რომ თქვენს ქვეყანასთან ასეთი დამოკიდებულება იყოს – შემოდიოდნენ ფონდები, აქ კანონის დარღვევით აფინანსებდნენ პარტიებს, იყენებდნენ NGO-ების სხვადასხვა სქემებს და ამის შესახებ არც კი გაყენებდნენ საქმის კურსში?“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში შემოდიან, ფარულად აფინანსებენ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს, რაც კანონით აკრძალულია.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 33 წლის იუბილე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეები. ახლა მე გიყვებით ფაქტებს და ამ ფაქტებში მგონი ყველა მეთანხმებით, რომ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანაში შემოდიან, ფარულად აფინანსებენ პარტიებს, რაც აკრძალულია კანონით, ფარულად აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, რაც ასევე აკრძალულია კანონით, ისე, რომ თქვენ ჟურნალისტებმა არაფერი იცით, საქართველოს მოქალაქეებმა არაფერი იცით.
ჩვენ როდესაც ვეუბნებით ამ ფონდებს, რომ იქნებ საზოგადოებას აცნობოთ ამის შესახებ, ამაზე არის ყრუ კედელი და ამით ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ჩვენ დავაფინანსებთ, თქვენ არავინ გეკითხებათ ვის დავაფინანსებთ, როდის დავაფინანსებთ, როგორ დავაფინანსებთ. ქართულ საზოგადოებას არავინ ეკითხება, რომ ეს იცოდეს. ახლა მაინტერესებს თქვენი, საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, გინდათ, რომ თქვენს ქვეყანასთან ასეთი დამოკიდებულება იყოს? შემოდიოდნენ ფონდები, აქ კანონის დარღვევით აფინანსებდნენ პარტიებს, იყენებდნენ NGO-ების სხვადასხვა სქემებს და ამის შესახებ არც კი გაყენებდნენ საქმის კურსში. ამოდით თქვენი ინტერესიდან და ეს ინტერესი არის გამჭვირვალობა. კარგ საქმეს დამალვა არ უნდა, დამალვა უნდა ცუდ საქმეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.