შალვა პაპუაშვილი: ცდილობენ, ისევ დაიწყონ კანონის ისე დაბრენდვა, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ – ეს აღარ გამოუვათ

“ნაცვლად იმისა, რომ შემოვიდნენ დისკუსიაში, ვერანაირ არგუმენტს ვერ ამბობენ. ცდილობენ, გამოიყენონ პროპაგანდის ბნელი მეთოდები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მოწინააღმდეგეები მიზანს ვერ მიაღწევენ.

„ჩვენ ვხედავთ რეაქციებს. შეხედეთ და დააკვირდით, ვისი რეაქციებია. ეს არის ზუსტად ის ჯგუფები, ის „ენჯეოები“ და პარტიები, რომლებიც ზუსტად ასეთ დაფინანსებას იღებენ. ხედავთ კიდევ მცდელობას, რომ ნაცვლად იმისა, შემოვიდნენ დისკუსიაში, ვერანაირ არგუმენტს ვერ ამბობენ. ცდილობენ, გამოიყენონ პროპაგანდის ბნელი მეთოდები, რომ ისევ დაიწყონ დაბრენდვა კანონის ისე, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ. მაგრამ ეს აღარ გამოუვათ. შარშან მათ შეძლეს, რომ ბრენდებით ესაუბრათ საზოგადოებასთან და არ შესულიყვნენ შინაარსში. წელს მათ მოუწევთ ამ დისკუსიაში შემოსვლა. განხილვა იქნება ჩვეულებრივ ტემპში. იქნება სამი მოსმენა, კომიტეტზეც, პლენარულ სხდომაზეც. მოვიდნენ და თქვან, რა აქვთ ამის საწინააღმდეგო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები