შალვა პაპუაშვილი – ზურაბ ადეიშვილზე: როცა კრიმინალს იწვევენ კონფერენციაზე, ეს არის იმედგამაცრუებელი

“ძალიან მძიმეა იმ სურათის ნახვა, როდესაც ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების დედაქალაქად ითვლება, ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის სფეროში მუშაობენ, ვხედავთ კრიმინალს, რომელსაც ხუთ სხვადასხვა საქმეზე მისჯილი აქვს ჯამში 18 წელი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ფაქტი იმედგამაცრუებელია.

„ეს ადამიანი არათუ თავისუფლად გადაადგილდება, არამედ მას ხელს ართმევენ და ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ეს არის ის ფარისევლობა, რომელიც სამწუხაროა ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. იმ ფაქტის შემდეგ, რაც იყო ბრიუსელში, მგონი, ყველამ გაიგო, ვინ არის ადეიშვილი, მიუხედავად ამისა, ის აღმოჩნდა ამ კონფერენციაზე. ამ კონფერენციის თანაორგანიზატორი არის ევროკომისია, მათ შორის მართლმსაჯულების საკითხებზე ევროკომისარი იყო მთავარი ფიგურა. ევროკომისიის მიწვევით იყვნენ იქ ადამიანები. მანამდე, როცა ბრიუსელში იყო და თუ თქვეს, რომ ეს იყო უკრაინული დელეგაცია და არ იცოდნენ, ვინც იყო მის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში, ევროკომისია იყო თანაორგანიზატორი და კარგად იცოდნენ, ვის იწვევდნენ. მონაწილეთა სია კონტროლდება.

როცა ხედავენ ადამიანს, რომელიც არის კრიმინალი და ყველაფერი, გარდა მართლმსაჯულებისა, იწვევენ კონფერენციაზე, ეს არის იმედგამაცრუებელი და შეიცავს ფარისევლობის ნიშნებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები