გურამ მაჭარაშვილი: „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა მორგებულია უსაფრთხოების ზომებს
“ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა მორგებულია უსაფრთხოების ზომებს, ბოლო ერთ წელიწადში მსგავსი კანონი მიიღეს ევროპარლამენტში, კანადაში, საფრანგეთში,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მოტივად დაასახელეს, რომ მათ ქვეყანაში საჭიროა უსაფრთხოების დაცვა, რათა უცხოურმა ძალებმა ისე არ გადარიცხონ თანხები, რომ არ გაკონტროლდეს, ფინანსები სად მიდის. გვაქვს მარტივი კითხვა – თუ ეს უსაფრთხოება საჭიროა ამერიკისთვის, ევროპარლამენტისთვის, საფრანგეთისთვის, რატომ არ არის საჭირო საქართველოსთვის? ეს კანონი მორგებულია ზუსტად უსაფრთხოების ზომებს. არასამთავრობო თუ ხარ და თან გამჭვირვალე, მაშინ საქმიანობისთვის პრობლემა არ გაქვს. თუ გაუმჭვირვალე ხარ და თანხებს არ ასაჯაროებ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ყიდულობ, ამ შემთხვევაში არ უნდა დარეგისტრირდეს. ვინც ამ ცვლილებებს აპროტესტებდა, ისინი დღეს სხვა შეხედულების არიან, რადგან კანონპროექტი წაიკითხეს და ნახეს, რომ მაშინდელი პროტესტი უსაფუძვლო იყო“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს.