ბექა ოდიშარია – ადეიშვილზე: ძებნილი ადამიანი სამართლიანობის აღდგენაზე ჰააგაში მუშაობდეს, პირველად ვნახე
“ძებნილი ადამიანი სამართლიანობის აღდგენაზე ჰააგაში მუშაობდეს, პირველად ვნახე. 40 მილიონიან ქვეყანას რა გაუჭირდა, რომ ძებნილი და მსჯავრდებული ადამიანი არ იყოს მათი მთავარი კონსულტანტი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადეიშვილმა საქართველოში სამართლიანობა დაანგრია.
“სამწუხარო მოცემულობაა, რომ საქართველო ცალმხრივად არის პარტნიორულ ურთიერთობაში უკრაინასთან. უკრაინის ხელისუფლების ბობოლების დიდი რაოდენობა არაფრად დაგიდევს არც ძმურ, არც დიპლომატიურ ურთიერთობებს და არც საერთაშორისო სამართალს. ეს მათ ამცირებს და არა ჩვენ. როგორც ჩანს, ჰააგაში ძებნილისა და დამნაშავის ხლება იმის საბაბი გახდა, რომ მათ მწვავე გზავნილები მიიღეს მასპინძლებისგან, რადგან ეს შეურაცხყოფს არა მხოლოდ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, არამედ იმ პლატფორმას, რაც ჰააგაში იყო. ბედის ირონია და ცინიზმია, როცა ადეიშვილი ჰააგაში სამართლის საკითხებზე იყო ჩასული. ამ ხალხს რატომ ჰგონია, რომ ისინი დაუსჯელი დარჩებიან? სამართალი ურმით დადის და მათ აუცილებლად დაეწევათ. მძიმე მოცემულობის მიუხედავად, ჩვენ უფრო აქტიური უნდა ვყოფილიყავით, ვიდრე ეს ხალხი გათავხედდებოდა და ადეიშვილს საერთაშორისო გამოფენებზე წაიყვანდნენ, ეს ჰააგა იქნებოდა თუ გერმანია. ძებნილი ადამიანი სამართლიანობის აღდგენაზე ჰააგაში მუშაობდეს, პირველად ვნახე. 40 მილიონიან ქვეყანას რა გაუჭირდა, რომ ძებნილი და მსჯავრდებული ადამიანი არ იყოს მათი მთავარი კონსულტანტი. ადეიშვილმა სამართლიანობა დააქცია და დაანგრია საკუთარ სამშობლოში და უკრაინაში როგორ უნდა აღადგინოს, ეს წარმოუდგენელია“,- განაცხადა ოდიშარიამ.