გაქცევა „ალკატრასიდან“ – აშშ-ის ყველაზე დაცული ციხიდან გაქცეული სამი პატიმრის ისტორია

1963 წლის 21 მარტს განსაკუთრებით საშიში პატიმრებისთვის შექმნილი, კალიფორნიის სანაპიროსთან მდებარე კუნძულზე განთავსებული ყველაზე ცნობილი და დაცული ამერიკული ციხე „ალკატრასი“ დაიხურა.
ოფიციალური ინფორმაციით, ციხის 29-წლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში, არცერთი წარმატებული გაქცევის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ამის მტკიცება დარწმუნებით მაინც შეუძლებელია – სამი პატიმარი, რომელმაც 1962 წელს კუნძულიდან თავის დაღწევა მოახერხა, ვერც ცოცხალი და ვერც გარდაცვლილი ვერ იპოვეს. რიგი ფაქტორები ირიბად ამტკიცებს, რომ ისინი გადარჩნენ და ყურე გადალახეს.
თავდაპირველად, წარმოვიდგინოთ, რამდენად გიჟური იყო თვითონ იდეა ამ ციხიდან გაქცევის შესახებ. კუნძული სანაპიროდან 1.5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გაყინული წყალი და ძლიერი დინება მის ბუნებრივ იზოლაციას უზრუნველყოფს. გარედან შენობას ძალიან მაღალი ღობე აქვს შემოვლებული, ეკლიანი მავთულებით და საგუშაგოებით. სამ პატიმარზე ერთი დამკვირვებელია, თანაც, ყველა პატიმარი ერთკაციან კამერაში იმყოფებოდა.

 

თუმცა, 1962 წლის ივნისში სამმა მამაკაცმა ამ დაბრკოლებების გადალახვა მოახერხა. გაქცევა მოახერხეს ფრენკ მორისმა – ბანკის გაქურდვაში ბრალდებულმა და ძმებმა: ჯონ და კლარენს ენგლინებმა, არაერთხელ გასამართლებულებმა ქურდობასა და ავტომობილების გატაცებაში. საქმეში იყო ჩართული ალან ვესტიც, მაგრამ მან ვერ შეძლო დროულად საკნიდან გამოღწევა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ერთხელ მაინც იყო შემჩნეული ციხიდან გაქცევის მცდელობაში, ზუსტად ამიტომ გადაიყვანეს ისინი „ალკატრასში“.

მოკავშირეები მეზობელ საკნებში ისხდნენ. მათ გაიგეს, რომ ძველი სავენტილაციო სისტემა მათი ბლოკის თავზე, სხვებისგან განსხვავებით, არ იყო ჩაბეტონებული, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ გაქცევა ციხის სახურავიდან ეცადათ.

ვენტილაციამდე ვიწრო გასასვლელი გადიოდა, რომელიც ზუსტად მათი საკნების კედლის უკან იყო. ყველა საკანში არსებობდა სავენტილაციო ხვრელი ზომებით – 10/10 სმ. მორისმა პროექტი შეიმუშავა, ხოლო დანარჩენი სამი საჭირო იარაღების შექმნით იყო დაკავებული.

იმპროვიზებული ბურღით, მათ რიგრიგობით გააფართოვეს სავენტილაციო ხვრელი. ხმაურს ფარავდა მუსიკა, რომელიც ბლოკში ყოველდღე, ერთი საათის განმავლობაში ირთვებოდა. კედლის დაზიანებებს ისინი ყალბი ბადით ფარავდნენ, რომელიც მუყაოსგან სახელდახელოდ იყო გაკეთებული

პარალელურად, დამნაშავეები სხვა პატიმრებს უცვლიდნენ რეზინის საწვიმარებს და ქარისგან დამცავ ტანისამოსს, რისგანაც შემდეგ გააკეთეს ნავი და სამაშველო ჟილეტები. ნიჩბები ფანერისგან გამოჭრეს.

იმისთვის, რომ მათი გაუჩინარება დამკვირვებლებს დროზე ადრე არ შეემჩნიათ, მამაკაცებმა დაამზადეს თავიანთი სიმაღლის თოჯინები, რომლებიც საკმაოდ რეალისტურად გამოიყურებოდა.

1962 წლის 11 ივნისს, ყველამ რომ დაიძინა, პატიმრებმა საწოლში წინასწარ დამზადებული თოჯინები ჩააწვინეს, საბანი გადააფარეს და გვირაბში გადაძვრნენ. როგორც აღმოჩნდა, ვესტს არ ჰქონდა საკმარისი ზომის ხვრელი გაკეთებული და გადაწყვიტეს, მის გარეშე გაქცეულიყვნენ. სამმა პატიმარმა ციხის სახურავზე გააღწია. შემდეგ წყალთან მივიდნენ და ნავი გაბერეს. დაახლოებით, საღამოს 10 საათზე პატიმრებმა გაცურეს.

მას მერე მორისის და ენგლინების კვალი ქრება. ოფიციალურად, ისინი დღემდე დაკარგულებად ითვლებიან. ორი დღის შემდეგ ნაპოვნი იქნა წყალგაუმტარი ცელოფანი, რომელშიც სატელეფონო წიგნი, ფული და საოჯახო ფოტოები იდო – ეს ნივთები ერთ-ერთ ძმას ეკუთვნოდა. ასევე, აღმოჩენილი იქნა ხელნაკეთი სამაშველო ჟილეტი კბილების ნაკვალევით ჩამკეტთან: სავარაუდოდ, სამაგრი ჰერმეტულად დახურული არ იყო მისი პატრონი ზედაპირზე თავს ძლივს იკავებდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ პატიმრებმა გადარჩენა მოახერხეს. მათი განცხადებით, ამის დამადასტურებელი, დაახლოებით, 250 ირიბი მტკიცებულება არსებობს.

მაგალითად, ენგლინების დედა, ანონიმურად, რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა საჩუქრად ყვავილებს.  გარდა ამისა, ითვლება, რომ ჯონი და კლარენსი 1973 წელს მის დასაფლავებაზეც იყვნენ – ქალის ტანსაცმელში გადაცმულები. გარდა ამისა, ისტორიკოსმა, ფრენკ ჰინეიმ ენგლინების ნათესავებისგან შეიტყო, რომ ისინი სამხრეთ ამერიკიდან ღია ბარათებს იღებდნენ, რომელთაც ხელს ორი ძმა აწერდა. მორისის ბედზე საერთოდ არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები