ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდისგან დაცული იყოს ოჯახი
„ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდისგან დაცული იყოს ოჯახი, ახალგაზრდა თაობა და საზოგადოება. ამის საშიშროება და საფრთხე დღეს მთელ მსოფლიოში სახეზეა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება თუ საკითხის განხილვაში ჩაერთვება.
“აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრევენციულად უნდა ვიმოქმედოთ, საჭიროა კონსტიტუციური ჩარჩო. კონსტიტუციური ჩარჩოს შემდეგ გვექნება ქვემდებარე საკანონმდებლო აქტების მიღების შესაძლებლობა. ოპოზიცია დაუჭერს მხარს თუ არა ამას, ვფიქრობ, დიდი შიდა წინააღმდეგობები აქვთ ოპოზიციაში. ესმით, რომ ეს საკითხი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ მათ შიში აქვთ, უცხოეთიდან გარკვეული წრეები როგორ შეფასებას მისცემენ. იმის გამო, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ფაქტობრივად უცხოური მხარდაჭერის იმედად არის დარჩენილი და შიგნით რაიმე განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აქვთ, ისინი ამ გზაგასაყარზე დგანან. ვნახოთ, დავაკვირდეთ, ჩაერთვებიან თუ არა და რა პოზიციებს გამოხატავენ. ალბათ მათთვის უკეთესი იქნება, თუ ამ საკითხის განხილვაში ჩაერთვებიან. რაიმე საკამათო ან დასამატებელი თუ არის წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებში, ამაში მონაწილეობა მიიღონ, მოსახლეობას ეს აინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.