უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ოპერაციის შედეგად მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის კურსს გადის.
როგორც მან აღნიშნა, სიმსივნე იანვარში მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სამედიცინო ჯგუფმა პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
„ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ მას შემდეგ ტესტებმა აჩვენა კიბოს არსებობა. ამიტომ, ჩემმა ექიმებმა მირჩიეს პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსის გავლა და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ“, – განაცხადა ქეით მიდლტონმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
უელსის პრინცესამ აღნიშნა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს და დღითი დღე ძლიერდება. ამასთან, მან საზოგადოებას პირადი სივრცის და კონფიდენციალურობის დაცვა სთხოვა.