ილია თოფურია: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნო – დიდი მადლობა საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის

“დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერს. ასევე, მთლიან საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის”, – ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თოფურიას თქმით, მისთვის საქართველოს და ესპანეთის მოქალაქეობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერს. ასევე, მთლიან საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის, რამაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნო. უდიდესი მადლობა ყურადღებისთვის ყოველთვის“, – აღნიშნა თოფურიამ.

ცნობისთვის, ილია თოფურია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. აეროპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ.

ამასთან, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.

ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები