„და, უპირველესად, ვინ უნდა გადაშალოს ეს წიგნი – თუ არა მშვიდობის ნამდვილმა მეგობრებმა“ – ბესო ხვედელიძის ახალი კრებული -„ომს – მშვიდობა“
ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის – „ომს – მშვიდობა” წარდგენა გაიმართა ქარვასლა ივენთ ჰოლში, მწერლების ბარში. ეს წიგნი მწერლის ბოლოდროინდელ ნაწარმოებებს აერთიანებს. თითოეული მოთხრობა კონკრეტულ ადამიანთა ხსოვნას ეძღვნება. საერთო ჯამში კი, კრებული ავტორმა გარდაცვლილი მეგობრის, ირმა კახურაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
რედაქტორი: ოლიკო ცისკარიშვილი; ყდის დიზაინერი – ნიკა ხვედელიძე. წიგნი წარადგინა ქეთი ელიეშვილმა.
„კვირამ“ რამდენიმე შეკითხვით მიმართა ბესო ხვედელიძეს.
– თქვენს კრებულს „ომს – მშვიდობა“ ჰქვია, რომელიც 6 ახალ მოთხრობას აერთიანებს და გარდაცვლილ მეგობრებს ეძღვნება. როგორ დაიბადა წიგნის შექმნის იდეა?
– ნეპალში 12-წლიან ყოფა-ცხოვრებას, რა თქმა უნდა, მეგობრების გარეშე არ ჩაუვლია – მსოფლიოს ჰიპურ ეპიცენტრში მუდამ იოლად მყარდება ურთიერთობა შენი გაგების და იმავენაირი ჭკუა-ალესვის ადამიანებთან მთელი მსოფლიოდან, თუმცა მეგობართა წრე, ვინც ბავშვობიდან თუ სიჭაბუკიდან მომყვებოდა, ისე დავიწროვდა და ზოგიერთმა კაშკაშა სულისა და გონის ადამიანმა ისე გადაინაცვლა უკეთეს სამყაროში, მათთან გამომშვიდობება ამ შორი დისტანციის გამო წესიერად ვერც მოვასწარი… აქედანვე გაჩნდა იდეა, რომ დამეწერა ასე ვთქვათ „ხსოვნის წიგნი“ ჩემებზე, დაკარგულ მეგობრებზე, დაკარგულ სიცოცხლეებზე…
– წიგნი იხსნება მოთხრობით – „ომს – მშვიდობა“. აფხაზეთის ომში, როგორც სამხედრო კორესპონდენტი იმყოფებოდით. ნაწარმოები იქიდან წამოყოლილ განცდებზეა… რატომ გამოიტანეთ სათაურად „ომს – მშვიდობა“?
– გარკვეული აწონ-დაწონის შემდგომ პირველი სათაური „ხსოვნის წიგნი“ მაინც უკუვაგდე , რადგანაც მოთხრობებიდან პირველი, რომელიც ჩემს სამხედრო მეგობარ ოლეგ გავრინზეა, თავის სათაურითა და პაციფისტური სულისკვეთებით სავსებით პასუხობდა წიგნის იდეას: რომ ომს – მშვიდობა სძალავს, რომ ასფალტს ბალახი ერევა, რომ სიკვდილს სიცოცხლე მოუგებს ყველა ომს!
– ერთ-ერთი მოთხრობა ზურაბ რთველიაშვილზეა… წიგნი კი მთლიანად ჟურნალისტ ირმა კახურაშვილს ეძღვნება… როგორი კვალი დატოვეს ხსოვნაში ზურამ, ირმამ?
– სიცოცხლით სავსე, უნიჭიერესი და ბობოქარი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ცხოვრების წესით მუდამ ხმამაღლა (ვერბალურად თუ კალმით) ჰქონდათ გამოცხადებული ომი – იგივე ომსა და უბედურებასთან, საზოგადოების სულიერ ხრწნასთან და ნაირგვარ მანკიერებებთან… კიდევ შევხვდებით, აქ ვერ და იქ აუცილებლად, და როცა იქნება!
– სოციალური ქსელის ტყვეობაში მოქცეული ადამიანებისთვის წარდგენები მაინც კარგი საშუალებაა მწერალთან პირისპირ შესახვედრად… როგორ ჩაიარა დღევანდელმა წარდგენამ? იმედია კმაყოფილი ხართ?
– ყველაფერი მოსალოდნელზე მეტი იყო – ფუტურისტული სივრცე, მეგობრებით პირთამდე სავსე მწერლების ბარი, ალღოიანი, ინტელექტუალური და წიგნის ბრწყინვალე წარმდგენი – ქეთი ელიეშვილი… დამუხტული ატმოსფერო…
– 30 წიგნის ავტორი ხართ, თუ არ ვცდები… რით განსხვავდება ეს კრებული სხვებისგან?
– ეს წინა წიგნებზე მძიმეა ემოციურად. ამ წიგნით პაპანაქება ზაფხულში სახეს ვერ დაინიავებ! ჯობს გადაშალო და ცალი თვალი ცრემლით აგევსოს და მეორეთი იცინოდე!
– სიკვდილ-სიცოცხლეზე ალბათ ხშირად გიფიქრიათ… ხსოვნა მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის მოთხრობებით არის გადმოცემული… რატომ მიანიჭეთ უპირატესობა მხატვრულ-დოკუმენტურ პროზას?
– მეხსიერებას ჯერჯერობით არ ვუჩივი, და შესაბამისად, რთული არ იყო იყო დოკუმენტურ სურათ-ხატებად აღმედგინა წარსულის რეალიები. მთლად რომ არ დამძიმებულიყო და ჩაბნელებულიყო წიგნი, თავსგადახდენილი ისტორიების მხატვრულ და იუმორით სავსე (როგორებიც თავად იყვნენ ოლეგიც, ზურაც და ირმაც,) ჩარჩოში მოქცევამ, წიგნს მგონი რომ გაუდინა აუტანელი სიმწარე და ერთგვარად დააბალანსა თუ გააწონასწორა…
– წიგნი „ჩემმა გამომცემლობამ“ გამოსცა, რომლის დამფუძნებელი ოლიკო ცისკარიშვილი თქვენი ბავშვობის მეგობარია. ორიოდე სიტყვა ამ ახალ გამომცემლობაზეც გვითხარით…
– გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს და მეგობრულმა თანადგომამ ამ შემთხვევაში ჯაჭვურ რეაქციასავით იმუშავა – წიგნი წასულ მეგობრებზე მათმა მეგობარმა (ბესო ხვედელიძე) დაწერა, მისი გამომცემელი-მეგობარი (ოლიკო ცისკარიშვილი) იდეას დაუდგა გვერდში და კრებული წიგნად გამოსცა. ვის უნდა წარედგინა ის ჩემთან ერთად – თუ არა ჩემს მაგარ მეგობარს (ქეთი ელიეშვილი). და, უპირველესად, ვინ უნდა გადაშალოს ეს წიგნი – თუ არა მშვიდობის ნამდვილმა მეგობრებმა. მოკლედ, მეგობრობა გზად და ხიდად, და ომს კიდევ რა და – აშკარად მშვიდობა!
თამარ შაიშმელაშვილი