ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კოლეგებს უკმაყოფილების ნოტა გაუგზავნა
ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა, რომელსაც ტელეგრამის არხი “აბხაზსკი პორტალ” და გამოცემა “აფსნი ჰაბარ” აქვეყნებენ.
აღნიშნულია, რომ ე.წ. უწყებამ ნოტა 8 თებერვალს მიიღო.
დოკუმენტში გამოითქვა უკმაყოფილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„რუსული მხარე გაეცნო კონსტიტუციური კანონის შინაარსს და მიიჩნევს, რომ მისი ზოგიერთი დებულება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მხარეებს შორის შეთანხმებულ ნორმებს, რომელთა მიღებაც არსებით საფუძველს წარმოადგენდა, რუსეთის ფედერაციისთვის ეთქვა თანხმობა ვალდებულებაზე და რომლის გარეშეც შეთანხმების ხელმოწერა ვერ შედგებოდა”,- ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კერძოდ, მიუთითებს აკრძალვაზე, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ვერ გადასცემს ბიჭვინთაში მდებარე ობიექტებს მესამე პირებს.
„კერძოდ, კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლი ადგენს აკრძალვას მესამე პირებისთვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხოლო მისი მოქმედების შეწყვეტის (დენონსაციის) შემთხვევაში, განსაზღვრული ობიექტები, მიწის ნაკვეთები და ზღვის მონაკვეთები უნდა დაუბრუნდეს აფხაზეთის რესპუბლიკის საკუთრებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია ასეთ აკრძალვას დაარღვევს. ეს დებულებები ეწინააღმდეგება ხელშეკრულების 26-ე მუხლს, რომლის თანახმად, მისი მოქმედების შეწყვეტა „არ გამოიწვევს საკუთრების უფლების შეწყვეტას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ შეიძინა ამ შეთანხმების შესაბამისად, ობიექტზე, მათ შორის, ყველა მოძრავ და უძრავ ქონებაზე, რომელიც ობიექტში მისი გადაცემის მომენტისთვის შედიოდა, აგრეთვე, მიწის ნაკვეთების ტერიტორიასა და ზღვის მონაკვეთზე, მათი გადაცემის შემდეგ აღმართულ ნაგებობაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში.
მოსკოვი, ასევე, უკმაყოფილოა შეთანხმების შესაძლო დენონსაციის პუნქტით.
„გარდა ამისა, კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის თანახმად, „ხელშეკრულების მხარე(ების) მიერ კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის შეუსრულებლობა იწვევს ხელშეკრულების დენონსაციას. ამავდროულად, ხელშეკრულება, მისი 26-ე მუხლის შესაბამისად, იდება 49 წლით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს საწყისი ვადის გასვლამდე, სულ მცირე, 6 თვით ადრე, მისი შეწყვეტის სურვილის შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება წყდება „მასში დადგენილი წესით“.
„რუსული მხარე გამომდინარეობს იქიდან, რომ კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესრულების შემთხვევაშიც კი, შეთანხმება ძალაში დარჩება საწყისი პერიოდის 49 წლის ან შემდგომი 15 წლის გასვლამდე. ამასთან დაკავშირებით, აფხაზური მხარის მიერ კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების დენონსირება სხვა დროის პარამეტრებში, წარმოადგენს შეთანხმების დარღვევას. ხელშეკრულებების სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის 56-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს არ შეუძლია, დაეყრდნოს თავისი კანონმდებლობის დებულებებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გასამართლებლად. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკამ დაადასტურა, რომ აღნიშნული კონვენცია მისთვის სავალდებულოა „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, რუსული მხარე გამომდინარეობს იქიდან, რომ შეთანხმების დებულებებს უდავო მნიშვნელობა ჰქონდა დოკუმენტის ხელმოწერისას და სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მხარეების მიერ მათი განხორციელებისას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რუსული მხარე ითხოვს, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ „დაადასტუროს თავიანთი ვალდებულება შეთანხმების ყველა დებულების განხორციელების შესახებ გამონაკლისის გარეშე, ასევე, მზადყოფნას, კეთილსინდისიერად შეასრულოს თავიანთი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე“.