Welt: გერმანია ყველა Taurus-ს მზადყოფნაში მოიყვანს
გერმანიის მთავრობამ ფრთოსანი რაკეტების – Taurus-ის მოდერნიზება და ექსპლუატაციაში მათი დაბრუნება გადაწყვიტა.
ამის შესახებ გერმანული გაზეთი Welt-ი წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 12 მარტს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტს საიდუმლოდ ეცნობა.
Welt წერს, რომ გერმანიას 600-მდე Taurus-ი გააჩნია, თუმცა, ზუსტი რაოდენობა საიდუმლოს წარმოადგენს. მათი ნახევარი საბრძოლო გამოყენებისთვის 2018 წლის ტექნიკური განახლების შემდეგ მზად არის, მეორე ნახევარს სერტიფიცირების ვადა გაუვიდა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს გამოცემის ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამავე დროს, როგორც Welt-ი წერს, გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის მათი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა, ფედერალურ მთავრობას დამატებით შესაძლებლობას უხსნის; კერძოდ, რომ მომავალში ქვეყანა შეძლებდა კიევისთვის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას ეროვნული თავდაცვისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. ასევე, უფრო შესაძლებელი ხდება ე.წ. რაკეტების წრიული გაცვლა მოკავშირეების მეშვეობით – Taurus-ის გადაცემა დიდი ბრიტანეთისთვის, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინას Storm Shadow-ს გადასცემს.
14 მარტს ბუნდესტაგი კვლავ უყრის კენჭს უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებას.
11 მარტს ოლაფ შოლცმა დაადასტურა გადაწყვეტილება, რომ კიევისთვის Taurus-ის გადაცემა არ მოხდება, ასევე, უარი თქვა მოკავშირეების შეთავაზებაზე ე.წ. წრიული გაცვლის შესახებ. შოლცი ამბობს, რომ Taurus-ის გამოყენება კონტროლის გარეშე შეუძლებელია, და ეს გერმანელმა ჯარისკაცებმა უნდა გააკეთონ, ხოლო უკრაინაში მათი გაგზავნა გამორიცხულია.