შვედეთის ელჩი მაჭახელას ეროვნულ პარკში იმყოფებოდა

შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანნა ლიბერგი – შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელ ხათუნა ზალდასტანიშვილთან ერთად, მაჭახელას ეროვნულ პარკში იმყოფებოდა.

სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

სტუმრებმა მაჭახელას ეროვნული პარკის თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას, როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების, ისე – ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებებით.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მაჭახელას ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით გამორჩეული, საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა.

პარკის განვითარების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკისთვის დაგეგმილია მენეჯმენტის გეგმის შემუშავება.

მენეჯმენტის გეგმა ითვალისწინებს გრძელვადიანი მიზნებისა და მათ მისაღწევად აუცილებელი მართვის შესაბამისი მიდგომებისა და ღონისძიებების განსაზღვრას, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ განსაზღვრულ ვადაში უნდა განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები