მამუკა მდინარაძე: არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების ავლაში ეხმარება
“ძალიან ბინძური ტყუილია, რომ თითქოს საქართველო გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენება, ეს ტყუილი დაიწყო საქართველოს პარლამენტში, საქართველოში და გაგრძელდა ქვეყნის გაგრძელდა – სამწუხაროდ, დავით არახამიაც ამ ტყუილის თანამონაწილეა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დავით არახამიას განაცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტყუილი საქართველოში უკვე ორი წელია დომინირებს.
„ვერც ერთი და არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, ერთ მინიმალურ თემასთან დაკავშირებითაც კი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების ავლაში. ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რომელიც 2 წლის განმავლობაში დომინირებს საქართველოს საწინააღმდეგოდ. ასევე არახამიამ მოითხოვა ფრენების შეწყვეტა – არავინ ეკითხება არახამიას, ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო. ასევე მან მოითხოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის გართულებული მიმოსვლა რუსეთთან. ვიცით, რომ ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. შესაბამისად, მან მოითხოვა, რომ ეს ადამიანები ისევ ტანჯვით უნდა დაბრუნდნენ ან გაფრინდნენ, როგორც ამას აკეთებდნენ, სანამ ფრენები იქნებოდა აღდგენილი. მან ასევე მოითხოვა უსასტიკესი კრიმინალის, მისი მასწავლებლის – სააკაშვილის გათავისუფლება და ეს არ არის სწორი ფორმა, როგორც მეგობარ ქვეყანას უნდა ელაპარაკო“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა: “დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.