არჩილ თალაკვაძე: არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის და საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოსა და ქართველებთან

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დავით არახამიას განცხადებები აცილებულია უკრაინელი ხალხის და საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოსა და ქართველებთან.

“უკრაინაში ყველას გვყავს კარგი მეგობრები და ნაცნობები. მინდა გითხრათ, რომ არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის და საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოსა და ქართველებთან. საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. არახამია და პოლიტიკოსების ის ჯგუფი, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ უსამართლო და აგრესიული განცხადებებით, გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც არც ჩვენი ქვეყნებისა და არც ხალხების მეგობრობას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ახლა როდესაც უკრაინა ძალიან მძიმე ომშია, იცავს თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და საკუთარ ტერიტორიებს, ჩვენ არ ვაპირებთ, უფრო მეტად შევიდეთ ამ საკითხში. პირიქით, გამოვხატავთ კიდევ ერთხელ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს მიერ სხვა გასამართლებულ დამნაშავეებს, რომელიც რატომღაც ჯერჯერობით უკრაინის საზოგადოებისთვის გაუგებარი ინტერესების გამო, დავით არახამიამ და მისმა მეგობრებმა შეარჩიეს არაერთ საერთაშორისო ფორმატში, არაერთ თანამდებობაზე უკრაინის წარმომადგენლებად, რა შედეგი და სიკეთე უნდა მოუტანონ ამ ადამიანებმა უკრაინას, როდესაც საკუთარ ქვეყანას წლების განმავლობაში მხოლოდ უბედურება, ადამიანის უფლებების დარღვევა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის და ავტორიტეტის უკიდურესი დაზიანება მოუტანეს. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრისთვის უკრაინაში ჯერჯერობით გაუგებარია, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ პირდაპირ ვსვამთ კითხვებს, რა არის ის მოტივაცია და რა ინტერესები დგას ამ გადაწყვეტილებები უკან”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები