გიორგი ამილახვარი: სამინისტროს დაევალება, შექმნას ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია, სტანდარტები, რომ უკვე უნივერსიტეტებს მივცეთ შესაძლებლობა, განავითარონ ახალი ონლაინპროგრამები
“კანონის საფუძველზე სამინისტროს დაევალება, შექმნას ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია, სტანდარტები, რომ უკვე რეალურად უმაღლესი განათლების სექტორს, უნივერსიტეტებს მივცეთ შესაძლებლობა, მათ ამ მიმართულებაც განავითარონ ახალი ონლაინ პროგრამები”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში უკვე მრავლადაა ონლაინუნივერსიტეტები და საქართველო გამონაკლისი არ იქნება.
„რამდენიმე საკითხია, დავიწყებ ონლაინუნივერსიტეტით. ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. დღევანდელ სამყაროში, პრაქტიკულად უმაღლეს განათლებას საზღვრები არ აქვს. ტექნოლოგიების განვითარებამ, სხვადასხვა დარგისა და სწავლების მეთოდიკების განვითარებამ ბუნებრივია, დღის წესრიგში პანდემიის შემდეგ, აქტიურად დააყენა ონლაინ განათლების საკითხის დარეგულირება საგანმანათლებლო სფეროში.
მსოფლიოს ყველა წამყვან განათლების ქვეყნებში უკვე ძალიან მრავლად ნახავთ როგორც ონლაინ უნივერსიტეტებს, ასევე, თავად ახალ ონლაინ პროგრამებს იქნება ეს საბაკალავრო თუ სამაგისტრო მიმართულებით. ბუნებრივია, არ შეიძლებოდა ჩვენც გამონაკლისი ვყოფილიყავით. განსაკუთრებით, იმ განვითარების ფაზაზე, როდესაც საქართველოში წლიდან წლამდე უცხოელი სტუდენტების მომართვიანობა რადიკალურად იზრდება, რაც ძალიან კარგია. ამიტომ, ამას სჭირდებოდა თანამედროვე მიდგომებით ხელშეწყობა და პირველი ნაბიჯი არის სწორედ, ელექტრონული ონლაინ განათლების რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილებები. შესაბამისად, კანონმდებლობაში პირველ ეტაპზე შემოდის მცნება – ონლაინ უნივერსიტეტი და სამინისტროს დაევალება ამ კანონის საფუძველზე, რომ პრაქტიკულად შექმნას ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფცია, სტანდარტები, რომ უკვე რეალურად საგანმანათლებლო სექტორს, უმაღლესი განათლების სექტორს, უნივერსიტეტებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ ეს მიმართულებაც განავითარონ. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი არის ამის ფლაგმანი, სადაც უამრავ ონლაინუნივერსიტეტებსა და ელექტრონულ-დისტანციურ განათლების პროგრამებს ვხედავთ. იგივე ხდება წამყვან ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში“, – განაცხადა ამილახვარმა.