არჩილ თალაკვაძე – მელია-გვარამიას პარტიაზე: სინამდვილეში, ეს არის ძველი “ნაცმოძრაობის” დესანტი პოლიტიკაში
“არაფერი ახალი, სინამდვილეში, ეს არის ძველი “ნაციონალური მოძრაობის” დესანტი პოლიტიკაში. ჰყავთ ძველი ადამიანები ძველი ბიოგრაფიით და ძველი ღირებულებებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს ადამიანური რესურსის პრობლემა აქვს.
“ჩვენ წინა თვეებში ვამბობდით, რომ იქნება მცდელობა, საზოგადოება დააბნიონ ახალი “ნაციონალური მოძრაობის” ჩამოყალიბებით, სინამდვილეში, ეს არის ისევ იგივე ხალხი, ისევ იმავე პოლიტიკური ბიოგრაფიებით. ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, როგორი მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს და თუ როდისმე ხელისუფლებაში იქნება დაშვებული, როგორ გამოიყენებენ ძალაუფლებას.
როდესაც ძველმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკაში კრახი განიცადა, 9 არჩევნები წააგო, მისი ლობისტები დარწმუნდნენ, რომ ამ პარტიით, ამ პლატფორმით და სათაურით რაიმე წარმატებაზე საუბარი ზედმეტია, დაიწყეს ახალი “ნაციონალური მოძრაობის”, ახალი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება. მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ – რაც უნდა ახალი სათაურები დაარქვან, აქვთ ადამიანური რესურსის პრობლემა, ჰყავთ ძველი ადამიანები ძველი ბიოგრაფიით და ძველი ღირებულებებით, რაც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია პარტია „ახალში“ გაერთიანდნენ. ამის შესახებ მათ დღეს ოფიციალურად განაცხადეს. პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ნომერი 4 იქნება.