გიორგი ამილახვარი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტში – ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო პროგრამებს, დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად

დღეს მთავრობის სხდომაზე ასევე განხილული იყო კანონპროექტთა პაკეტი უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც ჩვენმა უწყებამ წარადგინა. საუბარია ელექტრონული დისტანციური სწავლების რეფორმაზე, – ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე თვეა, ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტში – ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე, გარკვეული წილობრივი დოზით, დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად. ასევე ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ-პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვის.

და მესამე მიმართულება გახლავთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ-პროგრამებზე – ამ პროგრამების აღიარების დასაშვებობა, რაც აქამდე აკრძალული იყო. პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, ასევე შესაძლებელი იქნება მომავალში ქვეყნების ნუსხის დამატება იმ სანდოობის გათვალისწინებით, რომელიც ამ ქვეყნებში უნივერსიტეტებს აქვს“, – განმარტა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები