ზურაბ აბაშიძე: საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო სანქციებთან არის დაკავშირებული
“საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო სანქციებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვაჭრობა მიმდინარეობს საკმაოდ დიდი მოცულობით და ამას სჭირდება ყურადღება, რადგან ძალიან ბევრი ქართული კომპანია არის ჩართული სავაჭრო ურთიერთობებში“,- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
აბაშიძემ გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა.
„იცით, რა ვითარება იყო 2012 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაიწყო ორმხრივი არაფორმალური დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან. 2008 წლის შემდეგ უმძიმესი ვითარება იყო, მსხვერპლი, დე ფაქტო დაკარგული ტერიტორიები, საოკუპაციო ხაზზე ძალიან დიდი დაძაბულობა, ნებისმიერი ინციდენტი შეიძლება გადაზრდილიყო დიდ ახალ ძალადობაში. ასე რომ, ამ ფორმატის შექმნა ერთი მხრივ, გათვალისწინებული იყო ისეთი საკითხების მოსაგვარებლად და განსახილველად, რომლებიც ჟენევის ფორმატის დღის წესრიგში არ ფიგურირებდა.
ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. რა თქმა უნდა, მიზანი იყო მაღალი დაძაბულობის ხარისხის შემცირება, რათა შესაბამისი გავლენა ყოფილიყო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. ასევე, ეკონომიკური ვითარება, ასეთ ვითარებაში ინვესტიციების მოზიდვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ეს ფორმატი შეიქმნა და წლების განმავლობაში ჩვენ განვიხილავდით ამ თემებს.
ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო დაკავებული 2008 წელს ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში, მათ 12-14 წელი ჰქონდათ მისჯილი. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ საკითხი იმის თაობაზე, რომ ამ ხალხის გათავისუფლება იყო საჭირო. მართლაც მივაღწიეთ ამას და ისინი დაუბრუნდნენ ოჯახებს. ვფიქრობ, ეს ამ ფორმატის ერთ-ერთი წარმატებაა. ჩვენ იმთავითვე დავიწყეთ მჭიდრო კონსულტაციები დასავლელ პარტნიორებთან, ვიმყოფებოდი ბრიუსელში სხვადასხვა დროს, მქონდა შეხვედრები ნატო-ში, ევროკავშირში, ვაშინგტონში და მუდმივი კავშირი გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, საელჩოებთან აქ. ისინი ყოველთვის დადებითად აფასებდნენ თვითონ ამ ფორმატის არსებობას და იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ იქ ვეწეოდით, ამის შესახებ ისინი საჯაროდაც აკეთებდნენ განცხადებას.
მინდა, შეგახსენოთ, რომ 2006 წელს რუსეთმა შემოიღო ემბარგო საქართველოს ექსპორტზე, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი თავისუფლად შემოედინებოდა. ასეთი დისბალანსი იყო სავაჭრო ურთიერთობებში. გარდა ამისა, რუსეთი 2011 წელს საქართველოს მხარდაჭერითაც გაწევრიანდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მან აიღო გარკვეული ვალდებულებები მეზობლებთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით. ამის გათვალისწინებითაც, ჩვენ დავიწყეთ დისბალანსის შეცვლა, რაც სავაჭრო ურთიერთობებში არსებობდა და მომდევნო წლებში ეს მოხერხდა. სავაჭრო ურთიერთობები განვითარდა, დაბალანსდა და რუსეთი დღეისთვის მეორე-მესამე სავაჭრო პარტნიორია. ამან ხელი შეუწყო საქართველოში მთელი დარგების განვითარებას, არა მარტო მეღვინეობა, არამედ სხვა დარგებიც – ტრანსპორტი, მშენებლობა. ჩვენი ბევრი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში, ისინი საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საქართველოში საინვესტიციო საქმიანობაში და ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ამ ფორმატის დამსახურებაა. ტურიზმის განვითარებასაც შეუწყო ხელი იმ თემების მოგვარებამ, რასაც ჩვენ პრაღაში განვიხილავდით. ჩვენი ქვეყნისთვის ესეც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორია. ეს საკითხები დღესაც აქტუალურია, ვაჭრობა მიმდინარეობს განსაკუთრებულ, სპეციფიკურ ვითარებაში, რაც უკავშირდება 2022 წელს უკრაინაში დაწყებულ ომს. საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო სანქციებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვაჭრობა მიმდინარეობს საკმაოდ დიდი მოცულობით და ამას სჭირდება ყურადღება, რადგან ძალიან ბევრი ქართული კომპანია არის ჩართული სავაჭრო ურთიერთობებში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია გახდა, პრემიერის მრჩევლად კი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა.