“დასაქმების ეტაპზე ქალთა მიმართ დღემდე აქტიურია კითხვა  ოჯახური ვალდებულებების შესახებ, ჰყავთ  თუ არა მცირეწლოვანი შვილები,  აპირებენ თუ არა დეკრეტული შვებულებით სარგებლობას” – თამარ სურმავა 

“დასაქმების ეტაპზე ქალთა მიმართ დღემდე აქტიურია კითხვა  ოჯახური ვალდებულებების შესახებ, ჰყავთ  თუ არა მცირეწლოვანი შვილები,  აპირებენ თუ არა დეკრეტული შვებულებით სარგებლობას”, – ამის შესახებ  „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ სურმავამ  მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  სტუმრობისას განაცხადა.

სურმავამ  ეკონომიკაში  ქალების ჩართულობასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

“დღეს ქალთა უფლებებზე, იმ გამოწვევებზე ვსაუბრობთ,  რომელთა წინაშეც შრომით ბაზარზე ქალები დგანან. პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ “პროფესიული  კავშირების გაერთიანებისთვის” ეს თემა პრიორიტეტულია,  რაც იმითაა გამოწვეული,  რომ ამ მიმართულებით ქალები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. ისინი  შრომით ბაზარზე დაბრკოლებებს აწყდებიან როგორც შრომით ურთიერთობაში შესვლამდე, ასევე, შრომითი ურთიერთობის ეტაპზე და   ხელშეკრულების შეწყვეტის ეტაპზე. მთავარი გამოწვევა, რაც გვაქვს, უთანასწორობაა, რომელიც თავს  ჯერ კიდევ დასაქმების ეტაპზე იჩენს.  იმის გამო, რომ ქალია, შეიძლება,  დეკრეტული შვებულებით სარგებლობა მოუწიოს,    დამატებითი ოჯახური  ვალდებულებები აქვს, ის ნაკლებად სასურველი დასასაქმებელი კადრია.  პრობლემა იმ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაცაა,  რომელიც ქალთა მხრიდან დამატებითი  ოჯახური ვალდებულებების   შესრულებას უკავშირდება. ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება   ჩვენს საზოგადოებაში დღემდეა.   ბუნებრივია, ქალებს  ოჯახური ვალდებულებები  გააჩნიათ,  მაგრამ  ამ პროცესში კაცებიც აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ. დასაქმების ეტაპზე ქალთა მიმართ დღემდე აქტიურია კითხვა  ოჯახური ვალდებულებების შესახებ, ჰყავთ  თუ არა მცირეწლოვანი შვილები,  აპირებენ თუ არა დეკრეტული შვებულებით სარგებლობას მომავალში, რაც ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს მათთვის. ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოშია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიცაა. სტატისტიკური მონაცემებით, იგივე “გაეროს ქალთა ორგანიზაციის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ თუ მსოფლიოში   ქალებს საშუალოდ ოჯახში  3-ჯერ მეტი შრომის გაწევა უწევთ, საქართველოში ეს მონაცემები კიდევ უფრო მაღალია და ოჯახში ქალების მხრიდან 5-ჯერ მეტი შრომა გვაქვს,   ვიდრე კაცების მხრიდან. განსაკუთრებით   24-დან 35 წლამდე ასაკში  ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტია.  ოჯახში,  პრაქტიკულად,   6-ჯერ მეტ სამუშაოს მოიცავს, ვიდრე კაცები ასრულებენ.   ეს ის პერიოდია,   როდესაც ქალები,  ძირითადად, ოჯახებს ქმნიან და დამატებითი ვალდებულებები უჩნდებათ. თუ სტატისტიკასაც გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იმ  ქალების  58 %-ს,  რომლებიც     შრომისუნარიანნი არიან,  აქვთ შესაბამისი განათლება,  უნარები  ქვეყანაში  ეკონომიკური დოვლათი შექმნან, პრაქტიკულად,  სამუშაო ძალას არ წარმოადგენენ და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულები არ არიან. ეს მართლაც დიდი მაჩვენებელია. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია  იმ უთანასწორობისა, რომელიც ქალთა მიმართ შრომის ბაზარზე არსებობს”, – განაცხადა თამარ სურმავამ.

მისივე თქმით,  ქალისა და კაცის ხელფასებს შორის   სახელფასო სხვაობაა.

“შრომით ურთიერთობებში უთანასწორობა სახელფასო პოლიტიკის ნაწილში გვევლინება.  თუ გადავხედავთ ქალების ხელფასებს,  სტატისტიკის  ოფიციალურ მონაცემებს მივყვებით, ვნახავთ, რომ საქართველოში ქალისა და კაცის ხელფასებს შორის   სახელფასო სხვაობაა. ქალების სახელფასო სხვაობაა   32 %-ით ნაკლებია.    რა იწვევს ამ უთანასწორობას? 2020 წელს საქართველოს კანონმდებლობაში  ცვლილება შევიდა,  რომლითაც  შრომით კოდექსში ჩაიწერა, რომ ქალებმა და კაცებმა თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება უნდა მიიღონ. თუმცა,  სახეზე საკანონმდებლო ხარვეზიც გვაქვს,  რომელიც რეალურად არ  გვაძლევს შესაძლებლობას, ეს ნორმა აღვასრულოთ ან შრომის ინსპექციისთვის მიმართვის დროს, ან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში. რა არის მთავარი პრობლემა-  კანონმდებლობა თანაბარი ღირებულების  შრომის დეფინიციას არ იცნობს. იმისთვის, რომ შევადაროთ და ვთქვათ, რომ იმავე პოზიციაზე ქალსა და კაცს თანაბარი ხელფასი  უნდა ჰქონდეს,    მნიშვნელოვანია,  იმავე პოზიციაზე ქალი და კაცი თანაბარი ღირებულების  შრომას ასრულებდნენ , შეიძლება, მათ შორის პოზიციები,   დასახელებები განსხვავდებოდეს, მაგრამ შრომა, რომელსაც ეწევიან,   შეიძლება, იდენტური იყოს.    რა კომპონენტია   მნიშვნელოვანი, რაც კანონმდებლობაში ასახული არაა –  ესაა მეთოდოლოგია, თუ როგორ, რა კრიტერიუმებით  უნდა განისაზღვროს თანაბარი ღირებულების შრომა.  ამ ეტაპზე,  ასეთი მეთოდოლოგია  ჩვენს ქვეყანაში არ არის.  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს.  ამ მეთოდოლოგიის გაწერის გარეშე,  ამ პრობლემის აღმოფხვრა ან შემცირება, პრაქტიკულად,  შეუძლებელია.  ასეთი მეთოდოლოგია ბევრ ქვეყანაშია დანერგილი.  “შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია”  ამ მეთოდოლოგიასთან მიმართებით სტანდარტებს იძლევა.  ეს არის მეთოდოლოგია, რომლითაც კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაო, სირთულე, პასუხისმგებლობა,  და ა.შ უნდა შეფასდეს. ამიტომ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა განხორციელდეს,  მათ შორის, კანონმდებლობაში ცვლილებაა,    რომლითაც თანაბარი ღირებულებისთვის, შრომისთვის პრინციპის დანერგვა მოხდება, ასევე მეთოდოლოგია  განისაზღვრება,  რათა შემდგომში დასაქმებულებს უფლება, შესაძლებლობა ჰქონდეთ, უთანასწორობის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს მიმართონ”, – განაცხადა სურმავამ.

მანვე განმარტა, რითაა განპირობებული  კაცების და ქალების ხელფასებს შორის სხვაობა.

“რაც შეეხება იმას, თუ რა იწვევს კაცების და ქალების ხელფასებს შორის ასეთ უთანასწორობას.  პირველი ფაქტორი-  ის სექტორები, სადაც ქალები არიან დასაქმებულები, ყველაზე დაბალანაზღურებადია. მაგალითად, ტექსტილის სფერო, სადაც ანაზღაურება მინიმალურია, ასევე  ჯანდაცვის სექტორი, განათლების სექტორი. ამ  სფეროში ქალების დიდი ნაწილია კონცენტრირებული.  თუ სტატისტიკურ მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ განათლების სექტორში 118 000-მდე ქალია  დასაქმებული, თუმცა, ამ სექტორში  საშუალო ხელფასი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს   36 %-ით ჩამორჩება.

მეორე ფაქტორი –  ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები ისეთ პოზიციებზე, რომელიც მაღალანაზღაურებადია, მაგალითად,  მენეჯერული პოზიციები, გადაწყვეტილების მიმღებ რგოლებში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები.

აღვნიშნავ:  ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, იმასთან დაკავშირებით, რომ   ოჯახური ვალდებულებები  მხოლოდ ქალების ტვირთი არ არის.  კაცებზე თანაბრად და შესაბამისადაა გადასანაწილებელი. სხვა შემთხვევაში მდგომარეობა ნაკლებად შეიცვლება.

კიდევ ერთი გამოწვევა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებული საკითხია. საქართველოში რა მოცემულობაა: დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შემთხვევაში ქალს აქვს შესაძლებლობა,  6 თვის განმავლობაში  სახელმწიფოსგან დახმარება 2000 ლარის ოდენობით მიიღოს.

საკანონმდებლო დონეზე 2020 წელს დადებითად  გადადგმული ნაბიჯი   გახლდათ ის,  რომ  კაცებს დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. თუ სტატისტიკურად  შევხედავთ, ვნახავთ,  რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით   მცირე ოდენობის კაცმა ისარგებლა.

როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ,  კიდევ ერთი საკითხი  სამუშაო ადგილებზე ძალადობას და შევიწროებას  ეხება.    ამ მიმართულებით კანონმდებლობის დოზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, დღემდე “პროფკავშირები”  “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” 190-ე კონვენციის რატიფიცირებას აქტიურად ვითხოვთ, რომელიც სწორედ ძალადობას და შევიწროებას ეხება. კონვენცია ძალადობას და შევიწროებას შორის ტოლობის ნიშანს  სვამს,  სახელმწიფოს ავალდებულებს,  რომ ყველა სექტორში ძალადობის და შევიწროების აღმოფხვრისთვის ღონისძიებებს  მიმართოს.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც  ყურადღება მინდა,  გავამახვილო, ქვეყანაში   არაფორმალური დასაქმების მაღალი მაჩვენებელია.     რას გვეუბნება ის, რომ ადამიანები არაფორმალურ დასაქმებაში არიან ჩართულები:   ისინი ნაკლებად სარგებლობენ სოციალური  გარანტიებით, სახელმწიფოს მხრიდან არ აღიქმებიან როგორც დასაქმებულები ; შევიწროების და ძალადობის კონტექსტიდან გამომდინარე,  მათზე არანაირი დაცვის მექანიზმი არ ვრცელდება,  რადგან იდენტიფიცირება ვერ ხდება და  ნაკლებადაა შესაძლებელი. იმ ასაკში, როცა ადამიანი  შრომისუნარიანი არ იქნება, სიღარიბისთვისაა განწირული. საპენსიო  სისტემის ეს მოცემულობა ადამიანს   შესაძლებლობას არ აძლევს,    რომ გარკვეული  დანაზოგი მოიპოვოს. ძირითადად, ქალები ჩართულები არიან საოჯახო შრომებში, გვევლილებიან ძიძებად, რეპეტიტორებად”, – განაცხადა სურმავამ.

მისივე თქმით,   თუ გვინდა,   უთანასწორობის აღმოფხვრისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგათ, მინიმალური ხელფასის შემოღებაა საჭირო,  რის შესახებაც „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას” პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება აქვს  შეტანილი.

“რა არის მნიშვნელოვანი, რას ვითხოვთ “პროფკავშირები” იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა, გარკვეულწილად,  შეიცვალოს.  რა ინიციატივები  გვაქვს:  პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი,  მინიმალური ხელფასის დაწესებას  უკავშირდება.      მინიმალური ხელფასის დაწესება ყველაზე დაბალშემოსავლიან ადამიანებზეა მიმართული.  როგორც აღვნიშნე,  ყველაზე დაბალშემოსავლიანი ის სექტორებია, სადაც ქალები  არიან დასაქმებულები. თუ გვინდა, რომ უთანასწორობის აღმოფხვრისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგათ, მინიმალური ხელფასის შემოღებაა საჭირო,  რის შესახებაც პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება გვაქვს შეტანილი.  მეორე საკითხი დეკრეტული შვებულების ღირსეულ ანაზღაურებას ეხება. კიდევ ერთი საკითხი,  როგორც ზემოთ ვახსენე,   თანაბარი შრომის ანაზღაურებისთვის   შესაბამისი მეთოდოლოგიის განსაზღვრაა, რითაც შესაძლებელი გახდება, შრომა დავიანგარიშოთ, რიცხვებში გამოვხატოთ, ქალების და კაცებისთვის თანაბარი ანაზღაურება  შესაძლებელი გავხადოთ.   მნიშვნელოვანია  ცნობიერების ამაღლებასთან  დაკავშირებული  საკითხები. ასევე, უმუშევრობის შემწეობა.  სახელმწიფოს, დამსაქმებლის  მხრიდან  ბევრი ნაბიჯია   გადასადგმელი,  რათა შრომით ბაზარზე უთანასწორობა  მინიმუმ შემცირდეს და იდეალურ  შემთხვევაში აღმოიფხვრას   მინიმალურ დონეზე იქნეს დაყვანილი”, – განაცხადა თამარ სურმავამ.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები