შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სარჯველაძეს ვულოცავ მინისტრად დანიშვნას – მომავალი კვირა სასესიოა, ფრაქცია წარმოადგენს კანდიდატურას და ავირჩევთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს

“მიხეილ სარჯველაძე კომიტეტის გამორჩეული თავმჯდომარე იყო. მომავალი კვირა არის სასესიო, ფრაქცია წარმოადგენს კანდიდატურას და ავირჩევთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა მიხეილ სარჯველაძეს ახალი თანამდებობა მიულოცა.

„უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ მიხეილ სარჯველაძეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშვნას. მიხეილ სარჯველაძე კომიტეტის გამორჩეული თავმჯდომარე იყო და დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე აზრი გექნებათ. მისი კომიტეტი განსაკუთრებით გამოირჩევა იმით, რომ არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, სოციალურ საკითხებზე, შრომის საკითხებზე და ჯანდაცვის უფლებაც იყო ამ კომიტეტის განსახილველ საკითხთა შორის. დარწმუნებული ვარ, რომ იმ მთავარი მიმართულებით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დასახა კაბინეტისთვის და ამ სამინისტროსთვისაც, ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული უშუალო კომუნიკაციით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული იქნება. გვექნება მსჯელობა, ფრაქცია წარმოადგენს კანდიდატურას, მომავალი კვირა არის სასესიო და ავირჩევთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები